ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოში ტურისტული ობიექტების დატვირთულობა შემცირებულია.
როგორც ტურისტული კომპანია Traffic Travel Georgia-ს დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ BMG-სთან ტურიზმის სტატისტიკის შეფასებისას განაცხადა, ოფიციალურ მონაცემებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. მისი შეფასებით, საქართველოში განსაკუთრებით ევროპელი და ამერიკელი ტურისტების ნაკადებია შემცირებული.
„ზოგადად სახელმწიფოს მიმართ ნდობაა დაკარგული და რომელ ნდობაზე უნდა იყოს ლაპარაკი, რასაც ისინი აქვეყნებენ [სტატისტიკას]. ამის დასამტკიცებლად შეგვიძლია ნებისმიერ ტურისტულ ობიექტზე გავიდეთ, ეს იქნება ძველი თბილისი, მცხეთა, სიღნაღი და სურათს ვნახავთ, რომ ხალხის რაოდენობა, რამდენიც უნდა იყოს ამ ადგილებში, სადაც სულ რიგები იყო, უამრავი ხალხი ირეოდა, რეალურად ახლა სურათი სულ სხვაა. ახლა ასეთ ადგილებში სულ სხვა სურათია, თითო ოროლა ჯგუფი შეიძლება გადაგვეყაროს. დატვირთვა ყველა ტურისტულ ობიექტზე იმაზე დაბალია, ვიდრე უნდა იყოს. ყველა პოპულარულ ტურისტულ ადგილს ეხება ეს. მე არ მაქვს ლაპარაკი ჩინეთზე, ტაილანდზე ან ფილიპინებზე, საუბარი მაქვს ევროპელებზე, ამერიკელებზე, იაპონელებზე, მათ ყოველთვის დიდი კონტრიბუცია შეჰქონდათ ტურიზმის სფეროში“, – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.
ოფიციალური მაჩვენებლები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუშინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, იანვარ-მარტში, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, პირველ კვარტალში 958,947 ტურისტული ვიზიტი შედგა, 2.2%-ით მეტი, ვიდრე შარშან. 2.3%-ით გაიზარდა შემოსავლები ტურიზმიდან, რამაც 826 მილიონი დოლარი შეადგინა.
