„ყველა სტრატეგიული აქტივი, რომელიც „საქართველოს განვითარების ფონდის“ შემადგენლობაში იყო, დაუბრუნდა სახელმწიფოს“ – ბესიკ ბუგიანიშვილი

„ყველა სტრატეგიული აქტივი, რომელიც „საქართველოს განვითარების ფონდის“ შემადგენლობაში იყო, დაუბრუნდა სახელმწიფოს“ – ბესიკ ბუგიანიშვილი
„ყველა სტრატეგიული აქტივი, რომელიც ფონდის შემადგენლობაში იყო, დაუბრუნდა სახელმწიფოს“, – ამის შესახებ „საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა ფონდის ახალი საინვესტიციო სტრატეგიის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ფონდი სახელმწიფო ქონებას აღარ მართავს და დღეს იგი უკვე ეფექტიანი, პროაქტიური სახელმწიფო საინვესტიციო ინსტიტუტია.
„მივიჩნევ, რომ ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება, ვინაიდან ფონდის ახალ მენეჯმენტს შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აუდიტორიისთვის ფონდის ახალი სტრატეგიული ხედვისა და საინვესტიციო მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. პრეზენტაციის ფარგლებში, ვისაუბრეთ, რეფორმის, კერძოდ, საკანონმდებლო, სტრუქტურული და ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ. ხაზი გავუსვით, რომ ყველა სტრატეგიული აქტივი, რომელიც ფონდის შემადგენლობაში იყო, დაუბრუნდა სახელმწიფოს. შესაბამისად, ფონდი სახელმწიფო ქონებას აღარ მართავს და დღეს იგი უკვე ეფექტიანი, პროაქტიური სახელმწიფო საინვესტიციო ინსტიტუტია. ჩვენი მიზანია, კომერციულად მომგებიანი პროექტების განხორციელებით, ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებებს. ფონდის მთავარ ამოცანებს დღეს წარმოადგენს ეკონომიკის დივერსიფიცირების ხელშეწყობა, ტრადიციულ დარგებზე მისი დამოკიდებულების შემცირება, ასევე, პრიორიტეტულ სექტორებში ადგილობრივი და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკებში. ამასთანავე, ჩვენი გეგმები მოიცავს კონკურენტუნარიანი ინდუსტრიული ბიზნეს კლასტერების შექმნას საქართველოს რეგიონებში. რაც შეეხება, ჩვენთვის პრიორიტეტულ საინვესტიციო სექტორებს, უმნიშვნელოვანესია ეკომეგობრული და მაღალტექნოლოგიური წარმოება, განახლებადი ენერგიები, სტარტაპები და ინოვაციური წარმოება, სამედიცინო ტექნოლოგიები, ასევე, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება და საქართველოს იმპორტდამოკიდებულების შემცირებაზე ფოკუსირებული წარმოება, რაც საერთო ჯამში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს“, განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს განვითარების ფონდმა“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ახალი საინვესტიციო სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც პროფილური მედია საშუალებების წარმომადგენლები და ეკონომიკური ექსპერტები დაესწრნენ.