„ყველა სასტუმრო შესაძლოა 80-100%-ით შევსებული არ არის, თუმცა სექტორი ზრდას აჩვენებს“ – გიორგი დოლიძე

მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის დამფუძნებლის, გიორგი დოლიძის შეფასებით, საქართველოში ყველა სასტუმრო შესაძლოა 80-100%-ით შევსებული არ იყოს, თუმცა მათი დიდი ნაწილი ზრდის ტენდენციას აჩვენებს.როგორც გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” გიორგი დოლიძე აღნიშნავს, ამჟამად სასტუმროებში დატვირთულობა მაღალია და ფასებიც სეზონის შესაბამისად ყალიბდება.”ტურისტების გაზრდილი მოთხოვნა ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია იმ ფასების ზრდის ტენდენციის (სასტუმროებში), რაც ჩვენს ქვეყანაში შეინიშნება. ეს ყველა იმ ადამიანისთვის სასიხარულოა, ვინც Hospitality-ის ინდუსტრიაშია ჩართული. ფასების ზრდა წამახალისებელია როგორც ბიზნესისთვის, ისე თანამშრომლებისთვის. სასტუმროებში დასაქმებულთა ანაზღაურება წლიდან წლამდე იზრდება. იმ სტაბილური გზით მივდივართ, რომლითაც უნდა ვიაროთ. დღეს საერთო სურათი პოზიტიურია – ყველა სასტუმრო შესაძლოა 80-100%-ით შევსებული არ იყოს, თუმცა მათი დიდი ნაწილი ზრდას აჩვენებს. თბილისი და ზრდის ტემპს ფეხს უწყობენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც სასტუმროები სრულადაა დაჯავშნილი. როგორც ყველა ბიზნესში, აქაც შეიძლება იყოს ერთეული ობიექტები, რომლებიც დღევანდელ რეალობას ფეხს ვერ უწყობენ. ამის მიზეზები შეიძლება იყოს: კონკურენცია, რემონტის საჭიროება, რებრენდინგი და სხვა. მოგზაურების დარწმუნება, რომ საქართველო საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, იმ ძალისხმევას აღარ მოითხოვს, რასაც წარსულში საჭიროებდა. ინდივიდუალური მოლაპარაკებების დროს დიდი დრო აღარ არის საჭირო – საქართველო უკვე ცნობადია”, – განაცხადა გიორგი დოლიძემ.ცნობისთვის, კვლევითი ცენტრის PMS-ის მონაცემებით, მაისში სასტუმროების ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით თითქმის 12%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ზრდამ 9% შეადგინა.წყარო: ბიზნესპარტნიორი