ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
,,საბაჟო კონტროლის პროცედურების 24 საათიან რეჟიმში განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე-ოფიცრების რაოდენობა. მომატებული საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან.
აქვე განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით გააჩნია უახლესი ინსპექტირების სისტემები.
საბაჟო-გამშვები პუნქტები აღჭურვილია სხვადასხვა დანიშნულების სტაციონალური რენტგენო-სკანერებით, რომლებიც უზრუნველყოფენ საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ასევე ხელს უწყობენ უსაფრთხოების დაცვასა და ამავდროულად, ამცირებენ საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას.”- ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ამბობენ, რომ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება, რის გამოც უწყება ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.
