ყველა მიმართულებით გვაქვს ამბიციური და ამასთან, რეალისტური და აღსრულებადი გეგმები, ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რომ ეს გეგმები განვახორციელოთ

ჩვენ დეტალური პროგრამა წარვუდგინეთ საზოგადოებას, ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის ის, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში სრულად შევასრულოთ ყველა ის დაპირება, რომელიც იქნა წარმოდგენილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა.
პრემიერის თმით, მომდევნო ოთხი წლის გეგმაა, რომ 40 მილიარდი ლარით გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა.
„ეკონომიკის კუთხით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. ჩვენ გვინდა, რომ 40 მილიარდი ლარით გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. დღეს თუ არის 28 მილიარდამდე ჩვენი ბიუჯეტი, გვინდა, გადასცდეს 40 მილიარდ ლარს. გვინდა, რომ უმუშევრობა შემცირდეს 4%-მდე, რაც არის ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი.
ანალოგიურად, შეგვიძლია სიღარიბე შევამციროთ 4%-მდე. ჯერ კიდევ მაღალია მაჩვენებელი. 440 000 ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმუმ 4%-ზე ჩამოვიდეს ეს მაჩვენებელი. დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ინფრასტრუქტურის კუთხით, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების კუთხით. ჩვენს გეგმებში შედის ავტობანის მთავარი მონაკვეთის მშენებლობის დასრულება ისე, რომ საზღვრები ერთმანეთს დავუკავშიროთ სრულად. ანაკლიის პორტის მშენებლობა, რაც უკვე დაწყებულია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება და ა.შ. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანას თვისებრივად განვითარების სხვა დონეზე გადავიყვანთ უკვე ოთხი წლის თავზე“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამბიციური გეგმები აქვს ხელისუფლებას ასევე განათლების მიმართულებით.
„ამბიციური საუნივერსიტეტო რეფორმა განხორციელდება, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, მათ შორის, მთლიანად ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში. კულტურის, სპორტის სფეროში გვაქვს ასევე ამბიციური გეგმები“, -განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები არის სრულიად ცხადი და მომდევნო ოთხ წელიწადში ხელისუფლების ამოცანაა, რომ ასოცირების შეთანხმებით და DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი 2028 წლისთვის შესრულდეს.
„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ პრიორიტეტები არის აბსოლუტურად ცხადი. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენი ამოცანაა, რომ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული და DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი შევასრულოთ უკვე 2028 წლისთვის. ყველა მიმართულებით გვაქვს ამბიციური და ამასთან, რეალისტური და აღსრულებადი გეგმები, შესაბამისად, ყოველდღიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეს გეგმები განვახორციელოთ“, – განაცხადა პრემიერმა.