ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა წლიდან წლამდე სულ უფრო მწვავე პრობლემაა. შსს-ს ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რომელიც 1-ელ კვარტლის პერიოდს მოიცავს, საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით 15 731 ავარია მოხდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, შედეგად, წელს 3 თვეში დაიღუპა 112 ადამიანი, ხოლო 1 763 დაშავდა.
ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული შემოვლითი გზის მონაკვეთებია. მაგალითისთვის, თუ წლების განმავლობაში საუბარი იყო, რომ ქუთაისის შემოვლით გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო იყო, იგივე შეიძლება ითქვას დღეს ქობულეთის შემოვლით გზაზე, სადაც „ბათუმელებისა“ და „netgazeti“-ს ინფორმაციით, ბოლო 7 წელში 27 ადამიანი გარდაიცვალა.
რომელი გზებია ავტოსაგზაო შემთხვევებისთვის ყველაზე მოწყვლადი და რა ხდის მათ სახიფათოს, „ბიზნესპრესნიუსი“ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, მევლუდ მელაძეს ესაუბრა. მისი თქმით, დღეს სახიფათოა ყველა ის ორმხრივი გზა, რომელსაც მხოლოდ 2 საპირისპირო ზოლი გააჩნია და ამასთან, გამყოფი ჯებირი არ აქვს.„თანამედროვე სამყაროში, ცენტრალურ გზას, რომელიც მაგისტრალად მოიაზრება, უნდა ჰქონდეს რამდენიმე ზოლი. მინიმუმ 2-ზოლიანი მიმართულება უნდა იყოს იმისთვის, რომ ნელა მიმავალი ავტომობილები, სატვირთოები და ა.შ. გადაადგილდებოდნენ თავის ზოლში და მათთვის მსუბუქი ავტომობილით გადასწრება შესაძლებელი იყოს უსაფრთხოდ. იმის გამო, რომ ეს შემოვლით გზები არ არის ასე მოწყობილი და მხოლოდ ორი საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ზოლია, საგზაო შემთხვევების უმეტესობა სწორედ აქ ხდება. სხვანაირად რომ ავხსნათ, ადამიანი მოდის იმ კონკრეტულ მონაკვეთისთვის დასაშვები სიჩქარით, მაგალითად 90 კმ/სთ და ამ დროს წინ ხვდება ძალიან ნელა მოძრავი მანქანა, ბუნებრივი რეაქცია აქვს, რომ მას ასწრებს, მითუმეტეს, როცა გზის სიგანე გყოფნის. იმის გამო, რომ ჩვენს მძღოლებს ასეთ მაგისტრალებზე მოძრაობის ნაკლები გამოცდილება აქვთ, მოულოდნელად ხვდებიან არა მაგისტრალზე, არამედ შემოვლით გზაზე, რომელიც ორმხრივია და გადასწრების დროს აღმოჩნდებიან ხოლმე საპირისპირო ზოლში. მაგალითად, შორს მხედველ მძღოლებს ვერ მოვთხოვთ, მრბოლელები იყვნენ და წამებში გათვალო ყველაფერი, შესაბამისად, სწორ გადაწყვეტილებას ხშირად ვერ იღებენ და კატასტროფულ შედეგამდე მივდივართ.
ამიტომ, ინფრასტრუქტურულად უფრო სწორია, რომ მაგისტრალებზე ერთი კონკრეტული მონაკვეთი კი არ იყოს გახსნილი და წრე ისე კი არ იკვრებოდეს, არამედ ოდნავ ნაკლებით ტემპით წავიდეთ, მაგრამ ბოლომდე დასრულდეს.
ამიტომ, ყველა ის გზა, სადაც შემხვედრი მანქანები მოძრაობენ, მხოლოდ 2-ზოლიანია და გამყოფი ჯებირი არ გააჩნია, ხიფათის შემცველია“,- ამბობს მევლუდ მელაძე.
რაც შეეხება დედაქალაქის ნაწილს, აქ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მტკვრის სანაპიროებს გამოყოფს.
„ქალაქის ნაწილშიც, თბილისში მტკვრის სანაპიროები არის „შავი წერტილები“. ვეფხი და მოყმის ძეგლიდან სანამ გმირთა მოედნამდე მოვალთ, ამ მონაკვეთზე ყველაზე მეტი საგზაო შემთხვევაა. მე ვფიქრობ, აქ ჩარევებია საჭირო, ეს შეიძლება იყოს საგზაო ნიშნებით შეზღუდვები, ან გამყოფი ჯებირები იყოს, როგორც აღმაშენებლის ხეივანზეა. იმიტომ, რომ სადაც 70 კმ/სთ დაშვებული სიჩქარეა, ეს ნიშნავს, რომ ყველა 85 კმ/სთ-ით მოძრაობს და თუ ვინმე არასწორ მანევრს აკეთებს, საპირისპირო მიმართულებით აღმოჩნდება ხოლმე, ამ დროს კი შემხვედრ მანქანასთან შეჯახება არის ყველაზე დიდი საფრთხე ფატალური დასასრულისთვის.
ჩემი აზრია, რომ ყველგან საქმეში ჩართული უნდა იყოს მინი კომისია. თუნდაც, სულ 2 ჯგუფი, რომელიც ავტომობილებით გადაადგილებდა და გზის მონაკვეთებზე ყველა ვითარებას დააკვირდება. სწორედ ამის მიხედვით უნდა შედგეს აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებები, სადაც დასახაზია დაიხაზოს, სადაც ჯებირია გასაკეთებელი, გაკეთდეს და ა.შ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. შავი წერილები რაც შეიძლება შემცირდეს, ან საერთოდ არ იყოს. მაგალითად, ფინეთი ისეთი გზით მიდის, შარშან საგზაო შემთხვევის შედეგად მხოლოდ 1 გარდაცვლილი ჰყავდათ და უნდათ, რომ საერთოდ გაანულონ. ეს ჩვენთვის მხოლოდ ფანტაზიის ნაწილი“,- ამბობს მევლუდ მელაძე.
