,,საუკუნის პროექტად’’ წოდებული რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა და ახალი მონაკვეთების გახსნა გრძელდება. საავტომობილო გზა ქალაქებს გვერდს უვლის და მგზავრობის დროს ამცირებს. მორიგი მონაკვეთი, 12 კმ-იანი გზა 23 ოქტომბერს გაიხსნა. საერთო ჯამში, ტრანსპორტი რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით სარგებლობს.
რიკოთის უღელტეხილზე ამჟამად, ავტოტრანსპორტისთვის სრულად გახსნილია 3 მონაკვეთი: ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი, შორაპანი-არგვეთა და პირველი (ჩუმათელეთი-ხევის) 11 კმ-იანი მონაკვეთის 7 კმ. ჩუმეთელეთი-ხევის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე ინტენსიური სამუშაოები გრძელდება. დასკვნით ეტაპზეა ფერდების, მათ შორის, 149-ე კმ-ზე მდებარე ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება გზის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება გზის ვაკისის მოწყობა და დაიგება გზის საფარი. გზის ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ კი, დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია.
მაგისტრალური გზის ახალი მონაკვეთით სარგებლობის შემთხვევაში მგზავრი სურამს აღარ გაივლის. დაბა მგზავრებისთვის ტრადიციულ და გემრიელ ტკბილეულთან ნაზუქთან ასოცირდება. აქ ხშირად ნახავდით მანქანების გრძელ რიგს, რომელთა მძღოლებიც სურამში ნაზუქის შესაძენად ჩერდებოდნენ.
ავტობანის გახსნა დაბისთვის შესაძლოა დიდ პრობლემად იქცეს. ადგილობრივებისთვის ნაზუქით ვაჭრობა შემოსავლის ძირითადი წყაროა. მგზავრების ნაკადის შემცირება კი მათ საოჯახო ბიზნესების დაკეტვას აიძულებს.,,თემოს ნაზუქი’’ ერთ-ერთია სურამში, რომელიც კლიენტების სიმცირეს არ უჩიოდა. მეპატრონე თამარ ჩინჩალაძე ,,კომერსანტთან’’ საუბარში ამბობს, რომ ახალი გზის სრულად ამოქმედების შემდეგ მის ბიზნეს პრობლემა შეექმნება.
,,წლის ამ პერიოდში ნაკლებია ვაჭრობა. ზამთარი მოდის და ტურისტი აღარ დადის. ზაფხულის სეზონზე უფრო არის ვაჭრობა. ყველა ახალ გზაზე რომ გადავა, აქ აღარავინ შემოვა არც ზაფხულში. თვითონ კლიენტებისგან ვიცი, რომ აღარ შედიან ქალაქებში. მიუხედავად იმისა, რომ იქ კარგი კვების ობიექტებია. ამბობენ, რომ აღარ იმრუდებენ გზას. ასე იქნება სურამშიც. მეთონეები დარჩებიან ისე და ყველა დაკეტავს ობიექტს. ერთ მონაკვეთზე უკვე დაკეტილია, ყველა ობიექტი გაუქმებულია. აღარაფერი არ მუშაობს. დარჩება ხალხი ისე მარტო ხელფასის ამარა. მოგეხსენებათ, ხელფასი საკმარისი არ არის.’’- აცხადებს თამარ ჩინჩალაძე.
ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ ბიზნეს საქმიანობის გასაგრძელებლად ავტობანის მახლობლად მათთვის ტერიტორიას გამოყოფენ. თამარ ჩინჩალაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ფართების გამოყოფის საკითხზე საუბარი ავტობანის მშენებლობის დასაწყისში იყო, თუმცა მათთან ახლა ამ საკითხს აღარ განიხილავენ.
,,ჯერ არ მოსულან, მაგრამ იდეის დონეზე ითქვა. მშენებლობა რომ იწყებოდა მაშინ თქვეს, რომ შეიძლება ჩვენთვის გამოყონ ადგილი ავტობანის მახლობლად. მაგრამ სად გამოიყოფა, რა მანძილის ტერიტორია იქნება, ეგ არ ვიცით. არავინ არ მოსულა ამ თემაზე. ჩვენ რა თქმა უნდა, მოვითხოვთ ფართის გამოყოფას, რადგან სამსახურები არ არის. ესეც რომ დაიკეტოს, სურამი ძირითადად ნაზუქით ვაჭრობაზეა დამოკიდებული. ამდენი ოჯახია ამაზე დამოკიდებული. ავტობანიდან რომ ჩამოხვალთ სურამში დასასრულამდე, მთელს სიგრძეზე გახსნილია სანაზუქეები. წარმოიდგინეთ, რამდენი ოჯახი დარჩება შემოსავლის გარეშე. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ვიყავით მაგრამ გვითხრეს, რომ ჩვენი არ არისო. კომპანიის არისო და მათი სურვილი თუ იქნება ადგილს გამოგიყოფენო. რაიონი ვერ იზამს ვერაფერსო.’’- აცხადებს თამარ ჩინჩალაძე.
ავტობანის ახალი გზის მონაკვეთის გახსნამ უკვე დააზარალა ზესტაფონის მოსახლეობა. ადგილობრივების ნაწილმა, რომლებსაც სწრაფი კვებისა და ყავის კაფეები ჰქონდათ უკვე დაკეტეს ობიექტები. ბევრმა შემოსავლის გარეშე დარჩენის შიშით ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. ნაზუქით ცნობილი დაბა სურამის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათაც იგივე ელით, ბევრს ბიზნესის გაჩერება და ობიექტების დაკეტვა მოუწევს.
