ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ “ჰამასის” მიერ გატაცებული მძევლების ოჯახებში დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებენ და ისრაელის ერთ-ერთი მიზანი სწორედ მძევლების გათავისუფლებაა.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მძევლების დასაბრუნებლად და, საბოლოოდ, ყველას დავაბრუნებთ. ჩვენ გვაქვს სამი მიზანი ამ ომში – “ჰამასის” განადგურება, ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ იყოს საფრთხე ისრაელისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ბოლომდე, გამარჯვებამდე, ვერაფერი შეგვაჩერებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ გვაქვს ძალა, ნება და მონდომება ომის ყველა მიზნის მისაღწევად,” – თქვა ნეთანიაჰუმ.
როგორც The Times of Israel წერს, ის გუშინ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფ ისრაელის ჯარებს ესტუმრა და მათ მიერ აღმოჩენილი “ჰამასის” გვირაბები მოინახულა.