„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გავზარდოთ და, შესაბამისად, შევძლოთ ტვირთნაკადების ეფექტური მართვა და ჩვენს დერეფანზე გადმორთვა“ – თამარ იოსელიანი
„2025 წელი ნამდვილად განსაკუთრებულია ჩვენი ნავსადგურებისთვის – გაზრდილია როგორც შემომსვლელი გემების რაოდენობა, ისე ტვირთბრუნვა. ეს განპირობებულია როგორც სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით, ისე კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით და, რა თქმა უნდა, ოპერაციული ეფექტიანობით“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მარშრუტში საქართველოს როლზე და მისი ზრდა/განვითარების კუთხით გაწეულ სამუშაოზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა ნავსადგურის ოპერატორთან მათი ეფექტიანობის გაზრდის და შესაბამისად, როგორც ქვეყნისთვის, ისე მთლიანად შუა დერეფნისთვის მეტი სიმძლავრეების შემატების მიზნით.
„ნავსადგურები ჩვენთან ერთად ყოველწლიურად აახლებენ ინფრასტრუქტურას და ამ მიმართულებით ნამდვილად ხელშესახები შედეგები გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია მათ მიერ დაგეგმილი გრძელვადიანი პროექტები. მინდა, გამოვყო ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური, რომელიც სრულად კერძო ინვესტიციაა – ნავსადგურის განვითარების პირველ ფაზაში დაახლოებით 98 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო ერთობლივად. მეორე ფაზაში დამატებით ერთი მლნ ტონა ტვირთის მოცულობა დაემატება და შესაბამისად, კიდევ 38 მლნ დოლარი ჩაიდება. ამ კუთხით სახელმწიფოს გაცემული აქვს ნებართვები, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და უკვე ძალიან მალე შევა საიმპლემენტაციო ფაზაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანი გარემო შუა დერეფანში და შესაბამისად, შევძლოთ იმ ტვირთნაკადების ადმინისტრირება, რაც დერეფანზე და ზოგადად სამხრეთ კავკასიაზე ინტერესის ზრდით მისამართდება“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2025 წლის 9 თვის მაჩვენებლებით ქვეყნის ნავსადგურებში შემოსული გემების რაოდენობის კუთხით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბათუმის ნავსადგურის შემთხვევაში 17%-იანი, ხოლო ფოთის ნავსადგურის შემთხვევაში 5%-იანი მატება დაფიქსირდა. როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ასევე გაიზარდა საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებლებიც – 2025 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებული იქნა -567,577 TEU, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში დაახლოებით 20%-იან მატებას წარმოადგენს.
„შუა დერეფანში ჩვენი როლის გამყარებისთვის, ცხადია, ისეთი ინფრასტრუქტურა გვჭირდება, რომელიც ტვირთების გატარებას შეძლებს. ამისთვის საჭიროა ახალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რომლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული – რომ მივიღოთ დიდი მოცულობის გემები და შევძლოთ უფრო მეტი ტვირთის გატარება. ასევე რკინიგზის მოდერნიზაცია, რომელიც დასასრულს უახლოვდება და შესაბამისად, გამტარუნარიანობას 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე გაზრდის. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც ასევე დასასრულს უახლოვდება, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმისთვის, რომ დამატებითი სიმძლავრეები მოგვიტანოს – დაახლოებით 5 მილიონ ტონაზეა საუბარი. ასევე მისი გაფართოების, შემდეგი ფაზების დანერგვის შემთხვევაში კი 15 მილიონ ტონამდე შეგვიძლია ავიდეთ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ კარგი ტენდენცია ფიქსირდება ტვირთების და პროდუქციის დივერსიფიცირების პროცესის და შესაბამისად, გატარებული ტვირთების სახეობების ზრდის თვალსაზრისითაც „ეს გვაძლევს იმის პროგნოზის საშუალებას, რომ მომდევნო წლებში ამ მიმართულებით სტაბილური ზრდა გვექნება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს




