ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მასზე თავდასხმას პოლიტიკური შურისძიების სახე ჰქონდა, რომლის დამკვეთიც და ავტორიც ბიძინა ივანიშვილია.
გახარიას თქმით, ივანიშვილი დიდი ხანია მას და მის ოჯახს სხვადასხვა ფორმით ემუქრება. როგორც გახარია ამბობს, ივანიშვილისთვის მთავარი ფასეულობა ფული და ძალაუფლებაა და ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ორივე დაკარგოს.
„მე გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები ყოველდღიურად თქვენთან ერთად და წინა ხაზზე! ახლა რაც შეეხება თავდასხმის დღეს, თქვენ იცით, რომ ვიმყოფებოდი ბათუმში, ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე და როცა დავბრუნდი სასტუმრო „შერატონში“ იქ დამხვდა რამდენიმე ჯგუფად დაყოფილი ადამიანები, შესული არ ვიყავი უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად ახორციელებდნენ თავდასხმას, ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც რა თქმა უნდა მოჰყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება. ამავე დროს ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს იღებდა ტელეფონით, სასტუმროს ლობი უკვე დაცარიელებული იყო ადამიანებისგან, მათ შორის სასტუმროს თანამშრომლებისგან. მას შემდეგ, რაც სასტუმროში შევედი, თავდამსხმელები მოძრაობდნენ სპეციალურად ისე, რომ შემემჩნია, რომ ისინი იყვნენ შეიარაღებულები. მას შემდეგ, რაც მათ თავდასხმაზე მოვახდინე რეაქცია – ქაღალდის ჭიქაში დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი, ჯგუფურად ფიზიკურად თავს დამესხნენ და როგორც მითხრეს ექიმებმა, გონება დავკარგე და მანამ, სანამ სასწრაფოს თანამშრომლები არ დამეხმარნენ, უბრალოდ გონზე ვერ მოვედი. მადლობა მინდა გადავუხადო სასწრაფოს თანამშრომლებს“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, დღეს როგორც მიმდინარეობს გამოძიება და როგორც იქცევა ზოგიერთი პროპაგანდისტული ტელევიზია იმაზე მიუთითებს, რომ ამ საქმის სამართლიანად გამოძიებას არ აპირებენ.
„ისინი იღებდნენ ამ ყველაფერს და რასაც იღებდნენ ეს აღმოჩნდა ერთი კონკრეტული ტელევიზიის განკარგულებაში. ამასთან ერთად, ფაქტია, რომ გაქრა კამერის ჩანაწერები და უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა სასტუმრო „შერატონის“ მენეჯმენტზე იმისთვის, რომ ეს ვიდეოკადრები გამქრალიყო, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ გვაქვს შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც დეტალურად დაადგენს, ვინ მონაწილეობდა ამ თავდასხმაში, როგორ იყო ეს ორგანიზებული, ვის მიერ იყო დაგეგმილი, ვის მიერ იყო შეკვეთილი… მოკლედ, ყველაფერს.
საბოლოო ჯამში მე მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემი დაშინების და განეიტრალების ეს სასაცილო მცდელობა იღებს შემდეგ პასუხს – მე თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ვპირდები, რომ ძალადობისა და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში ვიქნები წინა ხაზზე, ყველაფერს გავაკეთებ და გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა რეპუტაცია და სახე, ის მცირე ნდობა, რომელიც დარჩენილი ჰქონდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან დაკარგოს თავისთვის ყველაზე ძვირფასი – ფული და ძალაუფლება. ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე და გჯეროდეთ, რომ მე ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ“, – განაცხადა გახარიამ.
15 იანვარს ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში”, ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სცემეს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად მთის ამბები/საქართველოს ამბების რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა გაავრცელა.
„რუსული რეჟიმის პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები (დაზუსტებით — დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე) და სხვები (სავარაუდოდ ვარლამ ლიპარტელიანი) ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას — ყოფილ პრემიერს, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი“, — წერს მთივლიშვილი სოციალურ ქსელში.
გიორგი მანველიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრია, დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს.
კლინიკის მორიგე ექიმის განმარტებით, გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა
„ოცნების“ ეს წევრები, გახარიაზე თავდასხმამდე გარკვეული პერიოდით ადრე, ამავე სასტუმროს ლობიში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, პოლიცია კი გამოძახებაზე დაგვიანებით მივიდა.