„ყველაფერი ჩვენი ამომრჩევლის ხელშია. უნდა მოვერგოთ იმ რეალობას, რაც შეიქმნება“ – ირაკლი იაშვილი

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში სტაბილური გარემოს მნიშვნელობაზე საუბრობენ. ,,კომერსანტთან” ,,ისთ გეით გრუპის” დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი აცხადებს, რომ გაზაფხულზე ქუჩის აქციებმა ქვეყანა დააზარალა. მისი თქმით, არასტაბილურმა გარემომ დიდი ზეწოლა მოახდინა ეროვნულ ვალუტაზე და ლარის კურსი არაობიექტური ფაქტორების გამო გაუფასურდა. ბიზნესმენი არ გამორიცხავს, რომ ს შემდეგ პროცესებმა ისევ ქუჩაში გადაინაცვლოს, რაც ქვეყანას შესაძლოა კიდევ უფრო ძვირი დაუჯდეს.
,,მთავარია სტაბილურობის შენარჩუნება, იმიტომ რომ წინა პერიოდის რყევები, რომ გვქონდა ქუჩის აქციებთან დაკავშირებული, ქვეყანას ეს აქციები დაახლოებით 300 მლნ. დოლარი დაუჯდა. შემცირდა ეროვნული ბანკის რეზერვები 300 მლნ. დოლარით, იმიტომ რომ ლარის კურსზე მოხდა პანიკური ზეწოლა. არანაირი ობიექტური ფაქტორი არ არსებობდა დევალვაციის. ეჭვი მაქვს, რომ ქვეყანას ამაზე მეტი მატერიალური დანაკარგი ექნება. ახლა ალბათ გააჩნია საქართველოს მოსახლეობა, ამომრჩევლები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. კურსის ხელოვნური ცვლილება რა თქვა უნდა პირდაპირ აისახება. ლარი გაიქცა და ერთ თვეში დაბრუნდა, რადგან სხვა ობიექტური ფაქტორები არ არსებობდა. როდესაც ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია გააკეთა და დახარჯა უამრავი ფული, აორთქლდა ჩვენი რეზერვების ნაწილი. ამ პანიკამ წაიღო და შეჭამა ეს ფული. ამ ფულის გამომუშავება ქვეყნისთვის მარტივი რომ არ არის ხვდებით ხომ? 300 მლნ. დოლარი ჩვენი ქვეყნისთვის უზარმაზარი თანხაა. თუ იქნება ქუჩის მოვლენები, ალბათ იგივე მოხდება.”- აცხადებს ირაკლი იაშვილი.
ბიზნესმენი ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის მოსვლას სკეპტიკურად უყურებს. ირაკლი იაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოება მორალურად მზად არ არის კოალიციური მთავრობისთვის. თუმცა ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ რა რეალობაც არ უნდა დადგეს სექტორი მომზადებული იქნება.
,,მე მგონია, რომ კოალიციის პირობებში გართულდება ძალიან. არ ვართ ჩვენ მზად მორალურად. ერთი პარტიის პირობებში რა ხდება ვერ ხედავთ? გუშინდელი კოლეგები რას ეუბნებიან ერთმანეთს. ინტერპარტიული კოალიცია – მე პირადად არ მჯერა, რომ ეს რამეს მოუტანს ქვეყანას. რასაც ჩვენი მოსახლეობა აირჩევს, იმას უნდა მოვერგოთ. ყველაფერი ამომრჩევლის ხელშია. რასაც ისინი გადაწყვეტენ, ისე იქნება ყველაფერი. ამას წინ ვერავინ დაუდგება, ამიტომ უნდა მოვერგოთ იმ რეალობას რაც შეიქმნება.”- აცხადებს ირაკლი იაშვილი.
ბიზნესმენი ,,კომერსანტთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის არასტაბილური გარემო და რყევები სიახლე არ არის. სწორედ ამიტომ, ბიზნესს ხედვა და გეგმა აქვს, თუ როგორ მოიქცეს სხვადასხვა ვითარებაში.
,,მე პირადად 30 წელიწადია, რაც ამ ქვეყანაში ვსაქმიანობ, სულ მუდმივ რყევებში ვართ და რაღაც იმუნიტეტი გამომიმუშავდა მეც და ჩემს კოლეგებსაც. დაახლოებით წარმოდგენილი მაქვს, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ ვითარებაში. გრძელვადიანი სტაბილურობა ახლა გვქონდა, ამ ხელისუფლების პერიოდში. თუ არ ჩავთვლით ლოკალურ, ქუჩაში მოლოტოვის კოქტეილებს. რასაც ჩვენი მოსახლეობა აირჩევს იმას მივიღებთ, მოიყვანენ სხვა ხელისუფლებას, ვნახოთ. მიმდინარე საინვესტიციო პროექტები მაქვს, ცოტა დავაპაუზეთ. რა თქვა უნდა დაველოდები. რა ვქნათ, უნდა მოვერგოთ.”- აცხადებს ირაკლი იაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბურჯანაძე – ჯოზეფ ბორელის განცხადება სწორედ იმას ასახავს, რაც დღეს საქართველოშია – ძალაუფლება კონსოლიდირებული, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება შეჩერებული და უფუნქციო