„ყველაფერი სიძულვილის გარშემო ბრუნავს“: აღძრავს თუ არა პუტინი ეჭვებს რუსებში?

საზოგადოებრივი აზრის კვლევის რუსული ინსტიტუტი „უნდობლობის კულტურაზე“ საუბრობს და გულდაწყვეტილია, რომ რუსების აბსოლუტური უმრავლესობა დიდი ხანია აღარ ენდობა ერთმანეთს. ამ ფენომენის მიზეზები სხვადასხვაგვარად აღიქმება.
დაბალი ინტერპერსონალური ნდობის მქონე ქვეყნად რჩება“, – ამბობს რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის სახელმწიფო ინსტიტუტის (ВЦИОМ) გენერალური დირექტორი, ვალერი ფედოროვი. ამ დასკვნამდე ის ივლისში მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის შედეგებმა მიიყვანა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 73 პროცენტი მიიჩნევს, რომ სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას, ყოველთვის „ფრთხილი უნდა იყო“.
ომის დანაშაულები, წამება, მკვლელობები: ხდება თუ არა რუსეთი უფრო სასტიკი? (გერმანულ ენაზე)
თუმცა, მდიდარი და განათლებული რუსები, როგორც წესი, ნაკლებად ეჭვიანები არიან. თანამემამულეების ასეთ ხასიათს ფედოროვი საბჭოთა კავშირის „სწრაფი და მტკივნეული დაშლით“, აგრეთვე საბჭოთა დროინდელი სოციალური ეტიკეტით ხსნის: „მაშინ რუსებმა უცხო ადამიანების მიმართ ნდობა შეწყვიტეს. მას შემდეგ ისინი ახლო ოჯახური წრით და რამდენიმე მეგობრით შემოიფარგლებიან“.
ცვლილებების მღელვარე წლების შემდეგ დაწყებულმა „ეტაპობრივმა ნორმალიზაციამ“ ინტერპერსონალური ნდობის გაძლიერება ბუნებრივ პროცესად აქცია. თუმცა, 2018 წელს პუტინის მიერ საპენსიო ასაკის გაზრდამ საზოგადოება „სერიოზულად დააზიანა“, რასაც მოჰყვა პანდემია, უკრაინის ომი და „გლობალური ტურბულენტობა“. შედეგად, ახალი თაობაც „რთული პერიოდის მსხვერპლად“ იქცა: „დღეს ახალგაზრდა რუსები ისეთივე ეჭვიანები და უნდობლები არიან, როგორც მათი მშობლები, რომლებმაც „ველური 90-იანი წლების“ განსაცდელი გაიარეს. აღორძინდა უნდობლობის კულტურა, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს“.
ფართომასშტაბიანი უნდობლობის შესაკავებლად, ფედოროვის რჩევაა, „მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა“. ის რეკომენდაციას უწევს „საგულდაგულოდ გააზრებულ სოციალურ თერაპიას“, რაც კრემლის ოფიციალური პირის მხრიდან უცნაური მოსასმენია. პოლიტოლოგი ილია გრაჩენკოვი გაკვირვებულია იმით, რომ სახელმწიფო მოხელეს „მისი პირადი აზრის“ გამოთქმის უფლება აქვს: „ის ახლოსაა ხელისუფლებასთან, მაგრამ მზად არის, სიმართლე თქვას“.
დევნილობაში მყოფი პოლიტიკური ანალიტიკოსი, ანატოლი ნესმიანი (115 000 გამომწერი) პუტინის რეჟიმის მიმართ ბევრი რუსის უნდობლობის მიზეზს ასე განმარტავს: „მთავრობა და მისი პროპაგანდისტები უამრავ სისულელეს ავრცელებენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ყველა მედიაში, სადაც ყველაფერი დანარჩენი მსოფლიოს მიმართ სიძულვილის გარშემო ტრიალებს. მათი ამოცანა ნათელია: დაყონ ადამიანები და ისინი ერთმანეთის მტრებად აქციონ. მათ ღიად ეუბნებიან, ვინ უნდა სძულდეთ. ამჯერად ესენი არიან უკრაინელები, ანგლო-საქსები, გეები, უცხოელი აგენტები…ისედაც გრძელი სია კიდევ უფრო დაგრძელდა“.
ჯერ კიდევ გასულ წელს, დაქირავებულ მებრძოლთა ლიდერს, ევგენი პრიგოჟინს განადიდებდნენ, როგორც ეროვნულს გმირს, დღეს კი ის ამბოხებულად და სახელმწიფოს მტრად მიიჩნევა: „როგორ შეიძლება ასეთ პირობებში ვინმეს ენდო? „დაყავი და იბატონე“-ს პოლიტიკა ძალაუფლების შენარჩუნების მარადიული მეთოდია და აქამდე ის ყოველთვის მუშაობდა. ისინი, ვინც არ არიან მზად, თავიანთი გარემოცვა სძულდეთ, სახელმწიფოს მტრებად გამოცხადდებიან და ამით თავად ხდებიან სიძულვილის ობიექტები“.
ის, რომ დიქტატურის პირობებში მცხოვრები ადამიანები, ხშირად, განსაკუთრებით ეჭვიანები არიან, მხოლოდ რუსეთის შემთხვევით არ შემოიფარგლება: „იმის განცდა, რომ გითვალთვალებენ, ეჭვიანს გხდის. ამას ვერსად გაექცევით. ხანდახან ისევ ვხედავ იმდროინდელ კვალს, როდესაც ადამიანები უნდობლობით იყვნენ გამსჭვალულნი“, – განაცხადა MDR-თან ინტერვიუში სამოქალაქო უფლებების ყოფილმა აქტივისტმა გდრ-ში, შემდეგ კი გდრ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს („შტაზი“) აღრიცხვის საკითხების ფედერალური კომისარმა, მარიან ბირტლერმა.
თუმცა, 2020 წლის ოქტომბერში მან ასევე აღნიშნა ის, რაც კარგად შეესაბამება ნესმიანის ზემოთ ხსენებულ ანალიზს: „ჩვენ რომ ორმხრივად ეჭვიანები გავმხდარიყავით, „შტაზი“ უკვე მიაღწევდა იმის ნახევარს, რაც სურდა – გაანადგურებდა ჩვენს მეგობრობას, ჩვენს ურთიერთობას საყვარელ ადამიანებთან. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, ეს როგორმე დაგვემალა“.
რუსი პოლიტოლოგი, ანდრეი ნიკულინი ამბობს, რომ მისი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ბოლშევიკურ რევოლუციამდე, მხოლოდ ორი წამყვანი სახელმწიფო მოღვაწე იყო, ვისაც ნამდვილი ღია დებატების გამოცდილება გააჩნდა: პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე კერენსკი (1881 – 1970) და ვლადიმერ ლენინი (1870 – 1924). „ყველა დანარჩენი ხელისუფლებაში ნეპოტიზმის, პოლიტბიუროს ფარული შეთქმულების ან სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა. არავის ჰქონდა თავისუფალ პოლიტიკურ დისკუსიებში მონაწილეობის გამოცდილება, ან თუნდაც ამ გამოცდილების შეძენის სურვილი“.
ამან მნიშვნელოვნად გაზარდა დემოკრატიული პრაქტიკისადმი უნდობლობა და განაპირობა ის, რომ ნებისმიერი სერიოზული საჯარო დებატები განიხილება, როგორც ხელისუფლების ავტორიტეტის შელახვა.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, რუსეთის სახელმწიფო გამოკითხვები ამტკიცებს, რომ თითქმის ყველა (დაახლოებით 80%) რუსი ენდობა პუტინს, თუმცა, თავად ის არავის ენდობა, გარდა საკუთარი შინაგანი ხმისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გამუდმებით არ იწუწუნებდა, რომ დასავლეთმა „უღალატა“.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი

ასევე დაგაინტერესებთ