ყველაფერი, რაც არჩევნების შესახებ უნდა ვიცოდეთ

26 ოქტომბერს პარლამენტის ს დღეა. წელს პირველად ტარდება სრულად პროპორციული წესით. ანუ, მეორე ტური გამორიცხულია. წელს ასევე პირველად ტარდება არჩევნები ფაქტობრივად სრულად ელექტრონული წესით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველადი შედეგები მაქსიმუმ 1 საათში იქნება ცნობილი.
არჩევნებში მონაწილეობისთვის აუცილებელია ბიომეტრიული პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
წელს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.
აქედან 135 922 ახალგაზრდა პირველად მიიღებს მონაწილეობას.
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს, ტრადიციული წესით კი – 394 547.
სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910 ია.
ამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გადასატანი ყუთი 64 238-მა ამომრჩეველმა მოითხოვა.
წელს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბნებზე 6 730 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება.
აქედან საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი. მათ შორის, 13 არის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები, 12 პენიტენციურ დაწესებულებებში და 1 ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში.
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები 2 262 უბანზე ჩატარდება.
საზღვარგარეთ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.
წელს ბიულეტენზე 18 პარტია დახვდება ამომრჩეველს, საიდანაც მხოლოდ ერთის არჩევა შეუძლია.
საარჩევნო ბარიერი 5%-ია. პარლამენტის 150 მანდატი გადანაწილდება მათ შორის, ვინც ბარიერის გადალახვას მოახერხებს, მიღებული ხმების შესაბამისად.
არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა, ანუ ყველაზე გვიან 21 ნოემბერს ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს. აქედან მაქსიმუმ ათი დღის ვადაში პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი. ანუ, პირველი სხდომა მაქსიმუმ 1-ელ დეკემბერს უნდა გაიმართოს.
პირველივე სხდომაზე უნდა მოხდეს ახლადარჩეული პარლამენტარების უფლებამოსილების ცნობა. აქედან 2 კვირის ვადაში პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ უნდა დაასახელოს პრემიერმინისტრის კანდიდატურა, მან შეარჩიოს მთავრობის წევრების კანდიდატები და მთავრობის სამოქმედო გეგმასთან ერთად წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად და პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ამ ვადაში. ანუ თუ ჩავთვლით, რომ პირველი სხდომა გაიმართება 1-ელ ოქტომბერს, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება უნდა მოხდეს მაქსიმუმ 15 დეკემბერს. ნდობის მისაღებად საჭიროა სრული შემადგენლობის უმრავლესობის, ანუ მინიმუმ, 76 დეპუტატის მხარდაჭერა. მხარდაჭერის მიღების შემდეგ მაქსიმუმ 2 დღეში პრეზიდენტმა პრემიერი ოფიციალურად უნდა დანიშნოს. პრეზიდენტის არდანიშვნის შემთხვევაში კი, მაინც დანიშნულად ჩაითვლება.
თუ ეს პირველ ჯერზე ვერ მოხერხდა, პრემიერობის კანდიდატის შერჩევის უფლება ეძლევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს, ანუ მინიმუმ 51 დეპუტატს. ერთზე მეტი პრემიერმინისტრობის კანდიდატის არსებობის შემთხვევაში პარლამენტი განიხილავს პრემიერმინისტრობის იმ კანდიდატს, რომელიც უფრო მეტმა პარლამენტის წევრმა წარადგინა, ხოლო წარმდგენთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში − იმ კანდიდატს, რომელიც უფრო ადრე იქნა წარდგენილი. მეორე მცდელობისას შერჩეული კანდიდატი გაივლის იგივე პროცედურას. ამ ყველაფრისთვისაც 2-კვირიანი ვადაა განსაზღვრული. ანუ, მაქსიმუმ 15 დეკემბერს თუ ჩავარდა პრემიერის პირველი დამტკიცება, მაქსიმუმ 29 დეკემბერს უნდა მოხდეს მეორეჯერ კენჭისყრა და ამ შემთხვევაშიც, ნდობის მისაღებად მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
თუ მეორეჯერაც ვერე მოხერხდა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, ან საერთოდ ვერ მოხერხდა პრემიერის კანდიდატურაზე შეთანხმება და მერე მთავრობის დამტკიცება, პრეზიდენტი არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა. ანუ, თუ მთავრობისთვის ნდობის მეორედ გამოცხადებაც ვერ მოხერხდა და პირველი სხდომა ჩატარებულია 1-ელ დეკემბერს, პრეზიდენტი არჩევნებს დანიშნავს 12 იანვრიდან 19 იანვრამდე და რიგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს, 26 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით, რომელიმე დღეს.
kvirispalitra.ge