ბიზნესმენი და კომპანია CAI-ს გენერალური დირექტორი, სანდრო შელია BMGTV-ს გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” აცხადებს, რომ ქართველი ხალხი რაც არ უნდა ინერტული იყოს სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ტექნიკურ პროცესებში, როდესაც საუბარია ადამიანების დასახჩრებასა და ცემაზე, შეუძლებელია ქართველი ხალხის გაჩუმება.
მისივე თქმით, ამგვარი გზა, რა პოლიტიკასაც სახელმწიფო ატარებს, არასწორია და ეს არსებულ კრიზისს ვერ განმუხტავს. ამასთან, ბიზნესმენის აზრით, ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ საქართველო ევროპას დაშორდეს და რუსეთს მიუახლოვდეს.
“1 წლის წინ, ევროკავშირმა მთავრობის მიუხედავად და არა მთავრობის შრომის შედეგად, კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭა. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც ბიზნესები, ასევე მოქალაქეები, არის ის, რომ ყოველი ნაბიჯი იდგმება იმისკენ, რომ ჩვენ ევროპას დავშორდეთ. შესაბამისად, მივუახლოვდეთ რუსეთს, რადგან სხვა ვარიანტი არ არსებობს.
არჩევნების შემდეგ, მას მერე, რაც გამოაცხადეს, რომ ევროპასთან მოლაპარაკებებს აჩერებდნენ, ამას მასიური პროტესტი მოჰყვა. ამით ფაქტობრივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაბანკზე წასულიყვნენ და ტერორისა და დაშინების გზით, ხალხის ბრაზი ჩაეხშოთ. ალბათ იმის იმედით, რომ ახალი წელი მოდის და ყველას დაავიწყდება, თუმცა ეს ასე არ ხდება.
ყოველდღიურად მაქვს უამრავ ადამიანთან შეხება და აშკარაა, რომ ასეთი გზა ვერ გამოდგება. საქართველო არ არის სხვა ქვეყანა, სადაც შეგიძლია ძალადობის გზით, ხალხის დასახიჩრებითა და უდანაშაულო ადამიანების ცემით ხალხი გააჩუმო. ქართველი ხალხი ასეთები არ ვართ. ჩვენ შეიძლება რაღაცაში ინერტულები ვიყოთ, მაგრამ როდესაც საუბარია ახალგაზრდა ადამიანების, გოგოების, ბიჭების, მოხუცების ცემაზე, ვფიქრობ ეს იყო უდიდესი შეცდომა მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა სანდრო შელიამ.