„ყველაფერი კარგად მიდის და კიდევ უფრო კარგად იქნება“ – ირაკლი ბენდელიანი სამშენებლო სექტორზე

თბილისის მერის ახალმა მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა BMG-ს კითხვაზე, რომელი საკითხებია უფრო პრობლემური, სამშენებლო მიმართულება თუ პროექტირება, განაცხადა, რომ ორივე მიმართულებით „ყველაფერი კარგად მიდის და კიდევ უფრო კარგად იქნება“.
რაც შეეხება სახელმწიფო პროექტებში ფასთა ინდექსაციის საკითხს, მერის მოადგილე ამბობს, რომ უწყებაში ინდექსაციის მუხლს კანონის ფარგლებში ყველა მიმართულებით იყენებენ. ამასთან დასძინა, რომ სახელმწიფო მიერ განსახორციელებელ პროექტებში ფასთა ინდექსაცია დედაქალაქის მერიამ ერთ-ერთმა პირველმა აამოქმედა. შესაბამისად, ამ კუთხით ბიზნესებს პრეტენზია არ აქვთ.
„ინდექსაციის მუხლი და ზოგადად ეს პირობა დედაქალაქის მერიამ ერთ-ერთმა პირველმა აამოქმედა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ამის თქმა. ამ მიმართულებით კომპანიებს ჩვენი მიმართულებით არ აქვთ არანაირი პრეტენზია. სადაც კანონი საშუალებას გვაძლევს, ყველგან აქტიურად ვიყენებთ.
ვადების შემთხვევაში, გამოწვევა ზოგადად მიმდინარე პროცესია, ნებისმიერ პროექტში ყოველთვის შეიძლება იყოს ვადებთან დაკავშირებული კითხვები. თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, 24 საათიან მონიტორინგს ვახორციელებთ, რომ კომპანიებმა პირობები სრულფასოვნად შეასრულონ, რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული“, – თქვა მან.

სახელმწიფო ტენდერებში არსებული ფასწარმოქმნა ბიზნესისთვის განსაკუთრებით პრობლემური ბოლო პერიოდია გახდა. ფასები ბაზარზე იმდენად სწრაფად ცვალებადია, ხშირად სახელმწიფოს მხრიდან წარმოდგენილი შეფასება კონკრეტული პროექტის ფასებთან მიმართებით რეალობასთან შეუსაბამოა.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ინდექსაციის მექანიზმი არსებული გამოწვევის საპასუხოდ როგორც შემსყიდველისთვის ისე მიმწოდებლისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, თუმცა მას საბიუჯეტო პროექტების შემსყიდველების დიდი ნაწილი მაინც ნაკლებად იყენებს.