„ყველაფერი ვერ მოხვდებოდა ამ დოკუმენტში“ — დარჩიაშვილი ნატოს დეკლარაციაზე

„საიუბილეო სამიტი გამოირჩევა სხვა დანარჩენი სამიტებისგან. ყოველთვის უფრო დატვირთულია გლობალური პოლიტიკური გზავნილებით, შესაბამისად, ყველაფერი ვერ მოხვდებოდა ამ დოკუმენტში“, — ასე ხსნის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმ ფაქტს, რომ ნატოს ვაშინგტონის დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე.
„საქართველოს კომპონენტი არის უსაფრთხოების თვალსაზრისით მოხვედრილი. ჩვენ მადლობელი ვართ ალიანსის და ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპაცია ს ფედერაციის მხრიდან ყოველთვის დგას ალიანსის დღის წესრიგში. ეს ასევე გამოიხატა ამ დოკუმენტში. დოკუმენტში ცალსახად არის მოწოდება საქართველოს დეოკუპაციის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ალიანსის ძალიან ძლიერი და კონსოლიდირებული მხარდაჭერა ამ მიმართულებით თავის დადებით ეფექტს მოიტანს“, — განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს ოჯახის წევრია და მისი მონაწილეობა სამიტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„საქართველო გააგრძელებს ძალიან აქტიურ მუშაობას პარტნიორებთან იმისთვის, რომ ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები და პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით… ჩვენ მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ მიუხედავად პერიოდულად არსებული გამოწვევებისა და ეს ნორმალურია — ყველა ქვეყანას აქვს პერიოდულად სხვადასხვა დონის და მასშტაბის გამოწვევები. საქართველოც არ არის გამონაკლისი, ოკუპირებული ქვეყანა ვართ, უამრავი გამოწვევა გვაქვს და ვცდილობთ, ამ ფონზე ძალიან აქტიურად მოვახდინოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კოორდინაცია და მობილიზება. პარტნიორები მხარს გვიჭერენ, ესმით ჩვენი გამოწვევების და ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგან“, — დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ნატომ მიიღო ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელიც არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
დოკუმენტში საქართველო ერთხელ არის ნახსენები, პუნქტში, სადაც ხაზგასმულია, რომ ალიანსი არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ს უკანონო ანექსიას. 2008 წლის შემდეგ ეს არის ნატოს სამიტის მეორე დეკლარაცია, რომელიც არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. პირველად ასეთი პრეცედენტი დაფიქსირდა 2022 წლის მადრიდის სამიტის დეკლარაციაში.
ამ თემაზე:
უკრაინის გაწევრიანება შეუქცევადია, ჩინეთი გამოწვევაა | ნატოს დეკლარაცია