“ყველაფერი დაიფერფლა… ე.წ. ბორჯომის ბაზრობის თითოეულ მოვაჭრეს მინიმუმ ₾20-50 ათასის ზარალი აქვს” – მოვაჭრეები

“ყველაფერი დაიფერფლა…” – სადგურის მიმდებარედ ე.წ. ბორჯომის ბაზრობაზე დღეს დილით, დაახლოებით 6:30 საათიდან ხანძარი გაჩნდა. შედეგად 15 000 კვ.მ-ის ფართობზე ბაზრობა და განთავსებული სავაჭრო მცირე მაღაზიები დაიწვა.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია. ხანძრის ლიკვიდაციაზე 30 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის ჩაქრობა 9:30 საათისთვის გახდა შესაძლებელი. ამ დროისთვის მხრჩოლავ კერებს აქრობენ.
შემთხვევის ადგილზე დილიდან იმყოფებიან მოვაჭრეები, რომლებსაც მაღაზიები დაეწვათ. როგორც ისინი BM.GE-სთან აცხადებენ, თითოეული მოვაჭრის მინიმალური ზარალი 20 000 – 50 000 ლარი შეიძლება იყოს, რიგ შემთხვევაში კი ფინანსური დანაკარგი 0.5 მლნ ლარსაც აღწევს.
აღნიშნულ ბაზრობაზე, რომელიც ბორჯომის ყოფილ სადგურზე იყო განთავსებული ქალის, მამაკაცის, ბავშვის სამოსის და ფეხსაცმლის მაღაზიები, ჩანთებისა და აქსესუარების, ფხვნილებისა და საწმენდი საშუალებების მაღაზიებთან ერთად სურსათი და აგროპროდუქტიც იყიდებოდა – ყველაფერი დაიწვა. მოვაჭრეების ინფორმაციით, ბაზრობაზე დაახლოებით 500-მდე მოვაჭრე სუბიექტი იყო და მათ უმრავლესობას ბანკში სესხები ჰქონდათ აღებული.
“მაღაზია მეორედ დამეწვა, ბავშვთა სამყარო რომ დაიწვა იქაც მქონდა მაღაზია, 2 მაღაზია მქონდა. არაფერი არ მქონდა დაზღვეული, არ დაგვაზღვევინეს… ბავშვთა სამყაროს დაწვის დროს რაც გამოვიარეთ ახლაც იგივე გველის… ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ მსგავს შემთხვევაში არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებენ. კი ვაპირებთ დაზარალებულის სტატუსის მიღებას… ბაზრობა ბოლომდე დაიწვა. წინა ვალებიც გადაუხდელი მქონდა, არ ვიცი როგორ ამოვალ ამ ვალებიდან, ზარალი ალბათ 50 – 60 ათასი იქნება” , – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე ნაირა გიგანი.
“ყველას ახალი საგაზაფხულო კოლექცია აქვს შემოტანილი და საბანკო ვალები გვაქვს აღებული. ახლა 200 000-ზე მეტი მაქვს ვალი. მეც ახალი შემოტანილი მქონდა საქონელი. არ ვიცით საიდან გაჩნდა ცეცხლი, შეიძლება პირადი ინტერესებიც იყოს… ექსპერტებმა უნდა დაადგინონ საიდან გაჩნდა ცეცხლი… არაფრის იმედი არ გვაქვს”, – ამბობს რუსუდან წოწონავა.
“ადრე მაღაზია “ციგნების ბაზრობაზე” მქონდა და ისიც დაიწვა, შემდეგ აქ ამოვედი. მამაკაცის ტანსაცმელს ვყიდდი. არც მაშინ და არც ახლა დაზღვეული არაფერი გვქონდა”, – ამბობს მოვაჭრე ვანო ჟვანია.