„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიზიტით იმყოფებიან. დღეს, 11 ივნისს იქ გაიმართა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა, რის ფარგლებშიც ხელი მოაწერეს რამდენიმე მემორანდუმს.
კომისიის სხდომისა და მემორანდუმების გაფორმების შემდეგ ვიქტორ ორბანმა და ირაკლი კობახიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ორბანმა კვლავ „ქართული ოცნების“ მთავრობა შეაქო.
„ყველას შურს მათი. ჩვენც გვშურს მათი – 7%-იანი ეკონომიკური ზრდა. ღმერთო ჩემო, ეს ხომ დიდი მიღწევაა… ასეთი შედეგების მქონე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი პატივია… არ იყო ალბათ ადვილი. ჩვენ, უნგრელებს, გვექნებოდა დიდი პატივი ასეთი შედეგი გვქონოდა 2022 წელს, როდესაც გლობალური მეინსტრიმ ლიბერალები ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის და თქვენთვის შეეშალათ ხელი და ჩვენს ქვეყნებში არ ყოფილიყო ისეთი მთავრობები, როგორიც ახლა ვართ. საქართველოს მთავრობა მათთვის არის ის მხეცი, რომელთანაც ევროკავშირს ეშინია ბრძოლა იმიტომ, რომ საქართველო არის პირველი, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა“, – თქვა ვიქტორ ორბანმა ერთობლივ ბრიფინგზე.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ვიქტორ ორბანს „ევროკავშრის გზაზე ყველაზე ძლიერი მხარდაჭერისთვის“:
უნგრეთი არის და რჩება ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან ძლიერ მხარდამჭერად. ჩვენთვის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ უნგრეთისგან, პირადად თქვენგან ბატონო პრემიერ-მინისტრო და უნგრეთის ხელისუფლებისგან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად“.
ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ მთავრობის სხვა წევრებთან ერთად (ლევან დავითაშილი, მაკა ბოჭორიშილი, დავით სონღულაშილი, ირაკლი ჩიქოვანი და ა.შ.) უნგრეთში გუშინ, 10 ივნისს ჩავიდა. უნგრეთი ევროკავშირში გამონაკლისი ქვეყანაა, რომლის ლიდერებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან მას შემდეგ, რაც ამ პარტიამ მნიშვნელოვნად შეზღუდა საქართველოში დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მუშაობა.
ფორუმი
