პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს სასამართლოში უჩივის.
“ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს.. დანარჩენი სასამართლოში”, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
ხაზარაძე ამ პოსტით, კალაძის მიერ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც “ლელოს” ლიდერებს მერმა “ხანდაზმული თაღლითები” “ნაციონალური მოძრაობის ხელის ბიჭები” უწოდა.
“ყველამ კარგად იცის, ვის რა წარსული აქვს, იმავე “ხანდაზმული თაღლითების” პარტიის ლიდერები რით იყვნენ დაკავებული. დღეს ვიღაცებს რომ სურვილი აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ლელო“, პირობითად ვიძახი, რაღაც ახალი პარტიაა და ახალი სახეები არიან, ვინ არიან ახალი სახეები? ხაზარაძეა ახალი სახე? ვინ არის ახალი სახე? ამ პარტიის წარმომადგენლები? თუ უსუფაშვილია ახალი სახე? სამადაშვილია ახალი სახე? ეს რეალურად არის ერთი გუნდი, რომელსაც ერქვა “ნაციონალური მოძრაობა”. შეიძლება, ბატონი ხაზარაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და ხელის ბიჭი იყო სააკაშვილის, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს”, – თქვა კალაძემ სხდომაზე.
მამუკა ხაზარაძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე ამბობს, რომ სარჩელი კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში მომავალ კვირას შევა.
“მომავალ კვირაში შევა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, ბატონმა კალაძემ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე ბიზნეს ართმევდა და აუბედურებდა ხალხს, რაც არის არასწორი და ცრუ ცნობების გავრცელება და მის უარყოფას მოვითხოვთ”, – ამბობს ადვოკატი.