ყველას დონკიხოტობას ვერ მოსთხოვ!

დასრულდა ეროვნული ლიგის მორიგი სეზონი. თბილისის “იბერია 1999-მა” ტიტული დაიცვა. ახლა ზუსტად ის დროა, როცა შიდასაფეხბურთო ამბავში წიწილები უნდა დავითვალოთ. ფაქტი ერთია – ეროვნულ ლიგაში დაძაბულობა ნამდვილად იყო, ხარისხისა კი რა მოგახსენოთ.
ჩვენ რაც არ უნდა ბევრი ვწეროთ და ვიკითხოთ, ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე უტყუარი, პირუთვნელი შემფასებელი ევროთასებია. ჰოდა, თუ სასწრაფოდ არ მივხედეთ საქმეს, თუ არ ვუწამლეთ პრობლემებს, ქართული საკლუბო ფეხბურთის რეიტინგი ისევე კატასტროფულად დარჩება ევროპული მასშტაბით, როგორც არის დღეს…
“იბერიამ” დაიმსახურა!
“იბერია 1999” ზედიზედ მეორედ, არსებობის ისტორიაში კი მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. გასაგებია, რომ გასულ ზაფხულს ევროთასებზე თბილისური კლუბის ასპარეზობამ საფეხბურთო თემში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. შვედურ “მალმიოზე” ვერა და, ესტონურ “ლევადიაზე” ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გუნდი უნდა დაგვემარცხებინა, მაგრამ რას ვიზამთ – წარსულს ვეღარ გადავყვებით.
ახლა მთავარი მომავალია. იმ “მომავალში” კი “იბერიას” კიდევ ერთხელ მოუწევს საქართველოს ღირსების დაცვა ევროთასებზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თბილისური კლუბი ამ უმკაცრეს გამოცდას გაცილებით მომზადებული შეხვდება, ვიდრე წინა სეზონში.
საამისო წინაპირობაც არის – როგორც “იბერიას” პირველკაცმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, კლუბის მართვაში ამიერიდან სოლიდური უცხოელი თანაინვესტორი ჩაერთვება, ჩაიდება გვარიანი კაპიტალი, რის შემდეგაც კლუბს ექნება ახალი სტადიონი და ბაზა.
ამას რა აჯობებს, თუმცა ჩვენი სათქმელი ერთია – ახალი ფეხბურთელები ევროთასების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კი არა, ახლავე უნდა მიიყვანონ გუნდში.
ცალკე ვთქვათ გუგა ნერგაძეზე – სწორედ ამ ახალგაზრდა სპეციალისტმა მიიყვანა “იბერია” ჩემპიონობამდე და ახლა წინ ჩემპიონთა ლიგაა. ყველა მოპოვებულ ევროქულას კი ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მართლაც რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ევროთასების მომავალ არა და, მის შემდეგ სეზონში, უდიდესი ალბათობით, ერთ ადგილს დავკარგავთ.
აქვე არ გამოგვრჩეს ლევან კორღალიძესა და გია გეგუჩაძეზე – ნერგაძის გარდა, “იბერიას” ჩემპიონობაში წვლილი მათაც შეიტანეს. მართალია, ოქროსთვის ბრძოლას ბოლო ტურამდე გაჰყვა ინტრიგა, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ “იბერია” მივიდა პირველი – ფინიშის ხაზთან.
ლოგიკურად გადანაწილდა ევროთასების სხვა საგზურებიც. ძალიან გვინდა, თითოეულმა ქართულმა კლუბმა კარგად გაითავისოს ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მას ეკისრება, როგორც ევროთასების მონაწილეს. ასე რომ, “იბერიასთან” ერთად წარმატებას ვუსურვებთ კონფერენსლიგის მონაწილეებს – “დილას”, “ტორპედოს” და თბილისის “დინამოს”.
რატომ არის ხარისხი დაბალი?
ეროვნულ ლიგაში თამაშის ხარისხი დაბალი რომაა, ამას ბევრი მტკიცება რად უნდა. ამაში ერთბაშად რამდენიმე ფაქტორია “დამნაშავე”. ყველაზე მეტად კი რამდენიმე – გაუთავებელი მიგრაცია, ფეხბურთელების სათამაშო კლასი, არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა კლუბებში, ცუდი მოსამზადებელი პირობები, მწვრთნელთა კვალიფიკაცია და ბავშვთა ფეხბურთში არსებული პრობლემები.
ეს პრობლემათა იმხელა ჯაჭვია, ერთ წერილში რეცეპტს ძნელად რომ გამოწერს კაცი, მაგრამ უკეთესობისკენ თანდათან უნდა ვიაროთ. ყველაზე გულსატკენი მაინც ერთი რამაა – ჩვენ დიდი სიჯიუტით მივყვებით გზას, რომელზეც უკვე წლებია, დავდივართ და რომელსაც არაფერი მოაქვს წარუმატებლობის გარდა.
ცხადია, არავის აქვს ჯადოსნური ჯოხი და ჩვენს პირველობას მისი ერთი აქნევით ვერავინ გახდის ბევრად უკეთესს, მაგრამ რაღაცების უკეთესობისკენ შეცვლა თანდათანობით უნდა დავიწყოთ.
მაგალითად, ჩაატარებს ფეხბურთელი ერთ-ორ კარგ თამაშს საქართველოს ჩემპიონატში და ეგრევე უცხოეთისკენ უჭირავს თვალი. თანაც, კლუბის სიძლიერეს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, მთავარია, საქართველოდან წავიდეს.
ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთს ფინანსურად უჭირს. კი ბატონო, რიგითი ქართველის ჯამაგირთან შედარებით ფეხბურთელის ხელფასი სოლიდურია, მაგრამ საფეხბურთო ევროპას თუ გადავხედავთ, უბრალოდ სასაცილოა.
გვისწრებს ლამის ყველა ევროპული ქვეყანა. ისეთებიც, ადრე რომ “ცალი ფეხით” ვუგებდით და სანამ ეს არ შეიცვლება, ქართულ კლუბებს გაუჭირდებათ უკეთესი შედეგის ჩვენება. რატომ გვქონდა უკეთესი შედეგი ევროთასებზე 10-12 წლის წინ? იმიტომ, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთში იყო მეტი ინვესტორი.
დღეს ინვესტორებს ერთი ხელის თითებზე ჩამოთვლის კაცი. ყველა გამოვიდა ოცნების ღრუბლებიდან და რაკი მოგებას ვერ ნახულობს, ქართულ საკლუბო ფეხბურთში ფულის ჩადება აღარავის უნდა, ან თითქმის აღარავის. არიან ენთუზიასტები და მათ იმხელა მადლობა ეკუთვნით, ეს ერთი წერილი რომ ვერაფრით დაიტევს.
ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ფეხბურთის განვითარების ფონდის პრიორიტეტები ისე, რომ ჩვენმა საკლუბო ფეხბურთმა მეტი სარგებელი მიიღოს. სხვისი არ ვიცი და, მე კი მგონია, რომ საკითხი მარტივად დგას – სპონსორებს, იმ ხალხს, ვინც ფულს ჩადებს საკლუბო ფეხბურთში, უნდა დაუწესდეთ კონკრეტული შეღავათები, თორემ სხვანაირად არაფერი გამოვა.
დღევანდელ ეპოქაში დონკიხოტობას ვერავის დააძალებ. ვერავის მოსთხოვ, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთი ისე უყვარდეს, თავისი ფული მოიტანოს, დახარჯოს და შინ ვერაფერი წაიღოს. არიან ასეთებიც, მაგრამ ერთ და ორ მერცხალს გაზაფხული ვერ მოჰყავს.
სწორი სკაუტინგი, როგორც წარმატების საფუძველი…
თქვენ წარმოიდგინეთ, ამ პირობებში, ამ დაფინანსების დროსაც კი შეიძლება უკეთესი შედეგის ჩვენება და ამაში ვერავინ გადამარწმუნებს. არ მინდა, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ, როგორც წესი, შუბი ხალათში არასოდეს იმალება. ჩვენს კლუბებში თითქმის ნულზეა შიდა და გარე სკაუტინგი. მეტიც, ამაზე საერთოდ არავინ ზრუნავს.
ჩვენ წარსულის არაერთი მაგალითი ვიცით, როცა ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები მახვილ თვალს ღრმა პროვინციებშიც აღმოუჩენია. დღეს ასე პრაქტიკულად აღარ ხდება. განა, ყველას აქვს იმის საშუალება, რომ თბილისში ან რომელიმე დიდ ქალაქში ჩაიყვანოს ბავშვი?
დავფიქრებულვართ იმაზე, რამდენი ტალანტი იკარგება ჩვენი სოფლების მინდვრებზე? ითამაშა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ მერე ფანჯარა ვერ ნახა ქართულ საფეხბურთო სამყაროში, პატრონი ვერ ნახა და საბოლოოდ დაიკარგა – ასეთი ბევრია. არადა, საქართველოს ვინ მისცა შვილი… შვილიც და ფეხბურთელიც დასაკარგავი!
ან ლეგიონერების თემა: ბრაზილიიდან, არგენტინიდან, ესპანეთიდან და სხვა გრანდი ქვეყნებიდან ჩვენთან წამოვა კარგი ფეხბურთელი? ამას არ ჯობია, აფრიკული ბაზარი ავითვისოთ, სადაც პირველი და მეორე თუ არა, მესამე არჩევანი მაინც იქნება ჩვენი?!
სწორი სკაუტინგის შემთხვევაში ქართული კლუბები მიიღებენ უკეთეს პროდუქტს და საბოლოო ჯამში – შემოსავალს. თანაც, ჩვენ საქმე გვექნება თვითნაბად ნიჭთან. ვისაც თუნდაც 9იანების საქართველოს ჩემპიონატი ახსოვს, დაგვეთანხმება – ყველა გუნდში იყო გამორჩეული ინდივიდუალისტი და თანაც რამდენიმე. ახლა კი ყველა ფეხბურთელი ერთმანეთს ჰგავს, ან თითქმის ყველა.
მწვრთნელიც ცოდოა…
თქმა რად უნდა, პასუხისმგებლობას ვერც ეროვნულ ლიგაში დასაქმებული მწვრთნელები გაექცევიან. დღეს ჩვენში იშვიათად ითქმება სიმართლე. მეც ბევრი კარგი ადამიანი ვიცი, მწვრთნელად რომ მუშაობს, ბევრთან კარგი სალამიც მაკავშირებს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას პირდაპირ – ისინი თავიანთ საქმეს კარგად ვერ აკეთებენ და რომ აკეთებდნენ, დღეს არც ასეთი ეროვნული ლიგა გვექნებოდა და არც ასეთი შედეგები – ევროთასებზე.
ეს ერთნაირად ეხებათ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მწვრთნელებს. ისე, მწვრთნელიც ცოდოა. ერთმა არასაგაზეთო საუბარში მითხრა, რა ვქნა, ბურთის კენწვლასაც მე ხომ ვერ ვასწავლი ფეხბურთელსო. კი ბატონო, არის ამასი სიმართლის მარცვალი, მწვრთნელიც ცოდოა, მაგრამ ცოდოები ვართ ჩვენც და თუ ხედავ, რომ ათი წელი (პირობითად) არაფერი გამოგდის, უნდა ადგე და სხვას დაუთმო ასპარეზი, იქნებ ის უკეთესად აკეთებს საქმეს…
ამ მეტად მნიშვნელოვან თემაზე ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს, ამ წერილის ავტორი კი გამოსავალს ახალი თაობის მწვრთნელების დაწინაურებაში ხედავს. რაღაცნაირად გავიხარე კიდეც, ამ თაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გუგა ნერგაძემ რომ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი. მომავალი ხომ მათია…
შესვენებაზე ვერ შევისვენებთ!
საქართველოს ჩემპიონატში თებერვლის ბოლომდე თუ მარტის დასაწყისამდე შესვენება გამოცხადდა. ახალი სეზონის დაწყებამდე იქნება შეკრებები, საკონტროლო მატჩები, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამ რუტინას არ უნდა გავყვეთ.
ბევრი უნდა ვიმუშაოთ, ბევრი უნდა ვიბრძოლოთ ყველა ფრონტზე, რომ ჩვენი ეროვნული ლიგა რაღაცას დაემსგავსოს, თორემ ევროთასებზე დასაკარგავად გამზადებული ადგილი იქეთ იყოს და, ევროპული საკლუბო ფეხბურთის რეიტინგში სულ ბოლო ადგილამდეც დავქვეითდებით, რაც ნამდვილად სირცხვილი და თავის მოჭრა იქნება.
არადა, ქართულ ფეხბურთს აქვს თუნდაც იმის ინტელექტუალური პოტენციალი, რომ ამ ფსკერიდან ამოძვრეს. უბრალოდ, სწორად მუშაობაა საჭირო…
[VIDEO] ოგბაიძემ “კარლ ცაისს” “ცხრიანში” გაუტანა!
[VIDEO] ლუკა ხორხელის პირველი გოლი ს მთავარ ლიგაში!
[VIDEO] წუთები დიდ სენსაციამდე – “ბაიერნი” “ალიანც არენაზე” მარცხს გადაურჩა!
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი…
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] უმოტივაციოთა უხვგოლიანი მატჩი ბათუმში! “კოლხეთს” დრო აღარ დარჩა…
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] “სპაერი” ცალი ფეხით უმაღლესშია, “თელავი” ფავორიტია…
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია…
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის “იბერია 1999” ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!