საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ჟილინას სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთთან მეორე ტურის შეხვედრამდე გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„პოლონეთთან მოგების შემდეგ გუნდში დადებითი განწყობაა. თამაშის ბოლო წუთზე მოგებამ ეს სიხარული უფრო გააძლიერა. ტრავმების მხრივ სერიოზული პრობლემები არაა და იმედია, ხვალ სრული შემადგენლობით ვითამაშებთ.
ლომინაძეს რაც შეეხება, მცირე დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ ხვალინდელი თამაშისთვის მზადაა. საფრანგეთთან ახალი სახე გამოჩნდება თუ არა, კონკრეტულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
პოლონეთთან იყო საფრთხე, რომ ათი კაცით დავრჩენილიყავით. ამაზე ვისაუბრეთ. ასაკის გათვალისწინებით, ასეთი რამ ხშირია. მაგრამ ინდივიდუალურად ყველამ უნდა გააკონტროლოს თავისი ემოცია.
ყველას აქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საფრანგეთთან თამაში მათი კარიერისთვის. ეს ისეთი გუნდია, მასთან მოტივაცია საჭირო არაა. ძლიერი და დაბალანსებული ტოპ-ნაკრებია, რომელიც შეცდომას არ გვაპატიებს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამიტომ მათ გუნდური თამაში უნდა დავუპირისპიროთ.
ერთი და იგივე ტაქტიკით ყველა გუნდს ვერ ვეთამაშებით. პოლონეთი უფრო ფრთხილობდა და უპირატესობა გვქონდა. საფრანგეთთან კი გადაწყობა დაგვჭირდება. როცა გვექნება შეტევის და ბურთის დაჭერის საშუალება, ეს უნდა გავაკეთოთ. ერთი ვიცი, რომ ჩვენი ფეხბურთი ბურთით თამაშია.
დუეს და შერკის გარდა, საფრანგეთს ბევრი ძლიერი მოთამაშეი ჰყავს. შესაძლოა, ტურნირის დასასრულს ბევრი ვარსკვლავი გამოჩნდეს“.
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2025-ის პირველ ტურში პოლონეთი 2:1 დაამარცხა და ჯგუფში ლიდერია. მომდევნო მატჩში რამაზ სვანაძის გუნდი 14 ივნისს ისევ ჟილინას სტადიონზე გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქე საფრანგეთი იქნება. შეხვედრა თბილისის 23:00 საათზე დაიწყება.
1tv.ge
