მინდა, ევროპის დღე მივულოცო ყველა ქართველ მეგობარს, საქართველო ევროპის ნაწილია, საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა მეგობრობა და სოლიდარობაა და ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
„დღეს ევროპის დღეა, მინდა, მივულოცო ეს დღე ყველა ქართველ მეგობარს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირს. ევროპა მეგობრობა და სოლიდარობაა, დღეს ამის აღნიშვნას ვგეგმავთ. ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, იმედი მაქვს, ეს გაკეთდება და მომავალში ერთად ვიქნებით ერთ კავშირში“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეკრებაზე საქართველოს დელეგაციის არმიწვევის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, გერმანიის ელჩმა თქვა, ეს მოხდა იმიტომ, რომ „გასული წლის ივნისში ევროკავშრიმა გადაწყვიტა, საქართველოსთან მაღალი დონის შეხვედრები დაეპაუზებინა“.
„გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, დაეპაუზებინა მაღალი დონის კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან, მიმდინარე კრიზისის გადაწყვეტამდე“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.
კითხვაზე, უნდა თუ არა საქართველოს მთავრობას კრიზისის გადაჭრა, პეტერ ფიშერმა თქვა, რომ „ეს მათ უნდა ჰკითხოთ“.
„არ ვიცი, რა სურს საქართველოს მთავრობას, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. იმედი მაქვს, რომ საქართველო, ქვეყანა, თავისი მოქალაქეებით დაუბრუნდება ამ გზას. ეს ჩვენი იმედია, მაგრამ საქართველოს გადასაწყვეტია. და რა არის საქართველო, საქართველო არის ქართველი ხალხი, მხოლოდ მთავრობა არ უერთდება ევროკავშირს, არც პარლამენტი, არც ბიზნესსექტორი, არამედ ყველა ერთად, დიდი ეროვნული ძალისხმევაა. ჩვენ გავაკეთეთ კანდიდატის სტატუსის შეთავაზება, ეს საუკეთესო რამ იყო, რისი გაკეთებაც შეგვეძლო“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.
