„ყველამ ერთხმად განვაცხადეთ, რომ ამ კანონმა უკვე ძალიან დაგვაზარალა და სასწრაფოდ არის გასაწვევი“ – შალვა ალავერდაშვილი

„ყველამ ერთხმად განვაცხადეთ, რომ ამ კანონმა უკვე ძალიან დაგვაზარალა და სასწრაფოდ არის გასაწვევი,“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.
ცნობისთვის, ტურისტული სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრა ლევან დავითაშვილთან დღეს რამდენიმე საათს გაგრძელდა. შეხვედრის მიზეზი კი ქვეყანაში “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო განვითარებული მოვლენები გახდა. როგორც დარგის სხვადასხვა წარმომადგენელი აცხადებს, ბოლო კვირების განმავლობაში მნიშვნელოვნად არის ჯავშნები შემცირებული. გარდა ამისა, ორიოდე დღის წინ შალვა ალავერდაშვილა რადიო “პალიტრასა” და “პალიტრანიუსის” გადაცემაში “საქმე” განაცხადა, მმართველმა კომპანიებმა სასტუმროების დაბრუნებაც კი დაიწყეს.
“ჯავშნების არა ნელ-ნელა, არამედ რადიკალური გაუქმებები დაიწყო, განსაკუთრებით ეს ეხება ქალაქის ცენტრში არსებულ სასტუმროებს. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ივნისის პერიოდში ახალი ჯავშნების მიღება არ ხდება,” – განაცხადა ალავერდაშვილი
ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ტურიზმის სექტორს შეხვდა, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას რამდენიმე ტურისტული ასოციაციის წარმომადგენელი და სექტორის მსხვილი მოთამაშეები ესწრებოდნენ.
bpn.ge