მცენარეების მაღაზია-სალონი „ანემონე“ ქართულ ბაზარზე 6 წელია არსებობს. კომპანიას მიღებული აქვს USAID-ის დაფინანსება 5000 ლარის ოდენობით, პროგრამაში „მწვანე იზოლაცია“. ამჟამად „ანემონეში“ 6 ადამიანია დასაქმებული.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, გასაყიდი მცენარეების ფასი 5 ლარიდან იწყება და 3000 ლარამდე ადის.
„ჩვენ ვართ მცენარეების მაღაზია-სალონი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის მცენარე და ქოთნები. ადგილზე გვაქვს გადარგვის ფუნქციაც. მომხმარებლის მიერ შერჩეულ ქოთანშივე გადავრგავთ მის მიერვე შერჩეულ მცენარეს.
გვაქვს ონლაინ მიტანის სერვისიც და ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ საკურიერო კომპანიასთან. ასევე, პერიოდულად, სხვადასხვა სივრცეებში გვაქვს სტენდები განთავსებული“.
როგორც ანი არველაძემ აღნიშნა, ყველაზე მოთხოვნადი მცენარეებია სტატიფილუმი და ორქიდეა.
„მოთხოვნა მცენარეებზე, დღითი დღე იზრდება. განსაკუთრებით, საახალწლო და სარვამარტო პერიოდში.
ასევე, ხშირად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებიც დიდი რაოდენობით გვიკვეთავენ მცენარეებს. ახლაც ერთ-ერთ დიდ შეკვეთაზე ვმუშაობთ.
შეკვეთები უცხოეთიდანაც გვქონია. სხვადასხვა ქვეყნიდან გვეხმიანებიან და ვუგზავნით მცენარეებს“.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, როგორც ქოთნების, ასევე მცენარეების ნაწილი იმპორტირებულია, ნაწილი კი ადგილობრივ ბაზარზეა წარმოებული.
„ქოთნების ნაწილი საქართველოში მზადდება. ქართული კომპანიაა, რომელიც ექსკლუზიურად ჩვენთვის ამზადებს ქოთნებს. ასევე, გვაქვს იმპორტირებული ქოთნებიც, რომლებიც პოლონეთიდან და თურქეთიდან შემოგვაქვს.
მცენარეების შემთხვევაშიც ანალოგიური მდგომარეობაა. მათი ნაწილი აქ გამოყვანილია, ნაწილი კი იმპორტირებულია ჰოლანდიიდან, იტალიიდან და თურქეთიდან“.
როგორც მან აღნიშნა, „ანემონე“ ლანდშაფტის დიზაინის დაპროექტებას (თვითონ სამუშაოებს) იწყებს და ამ მიმართულებით განვითარება იგეგმება.




