ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსია კონსულტანტი და გაყიდვების მენეჯერია – როგორი ტენდენციებია დასაქმების ბაზარზე

„Jobs.ge-ზე ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსია კონსულტანტი და გაყიდვების მენეჯერია“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში PMC კვლევითი ცენტრის უმცროსმა მკვლევარმა შოთა მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაზე მოთხოვნად ვაკანსიებზე შედარებით დაბალი ხელფასია, ვიდრე ზოგადად საშუალო ხელფასია“.
დასაქმების თრეკერი PMC კვლევითმა ცენტრმა მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით დასაქმების ბაზარზე არსებული ტენდენციები გამოაქვეყნა. PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრეკერის თანახმად, 2023 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, jobs.ge-ზე 45 954 ვაკანსია გამოქვეყნდა და მაჩვენებელი 5.1%-ითაა გაიზარდა.
ამას გარდა, ომის დაწყებიდან დღემდე 25 689 რუსი დარეგისტრირდა ინდ-მეწარმედ. როგორც შოთა მაჭარაშვილი აცხადებს, მიგრანტების ფაქტორი გავლენას ახდენს ქვეყანაში დასაქმების ბაზარზე. თუმცა, PMC სტატისტიკაში ტურისტები და ემიგრანტები არ შედიან. აქ დათვლილია მხოლოდ ქართველი დასაქმებული, რომელიც ყოველთვიურად იბეგრება.
„ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ვაკანსიები შემცირდა, თუმცა წლიურ ჭრილში თუ შევხედავთ, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წელთან შედარებით, 10%-მდე გაზიარდა. რაც შეეხება დარგებს, მეტი ვაკანსია იყო გამოცხადებული შესყიდვებისა და გაყიდვების სექტორში, ასევე ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის სექტორში. რაც შეეხება ხელფასებს, გაზიარდა იმ ადამიანთა წილი, რომლებიც შედარებით მაღალ ხელფასს იღებენ და შემცირდა მათი წილი, ვინც შედარებით დაბალ ხელფასს იღებს“, – აცხადებს მკვლევარი.
ამას გარდა, მიმდინარე წლის ოქტომბერში 5%-ით შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც 600 ლარს, ან ნაკლებს იღებდა, ხოლო 2400 ლარზე ნაკლებს ვინც იღებდა, მათი წილი 5%-ით გაზიარდა.
„სექტორების მიხედვით მკვეთრი ცვლილება არ შეინიშნება. მხოლოდ გაყიდვების და შესყიდვების სექტორში ოქტომბერში 2000-ზე მეტი ვაკანსია გამოვლინდა, ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის სექტორში – 1800-ზე მეტი. ასევე ერი-ერთი სტაბილური და მზარდი სექტორია ფინანსებისა და სტატისტიკის სექტორი და მრავლადაა წარმოდგენილი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების სექტორი“, – აცხადებს შოთა მაჭარაშვილი.