კითხვის დრო: 3 წთ.ქართველ მწერალს ნინო ხარატიშვილს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრემია – გერმანიის ქალაქ ფულდის 2026 წლის ვინფრიდის პრემია მიენიჭა. ჯილდო მან “რუსული იმპერიალიზმის ფონზე ევროპული იდეისა და თავისუფლების დაცვის საქმეში თავისი მტკიცე პოზიციისთვის“ მიიღო. პრემია ქართველ მწერალს 13 სექტემბერს გადაეცემა.
ჟიურის წლევანდელი არჩევანის დასაბუთებაში ნათქვამია: „თავის ნაწარმოებებში ნინო ხარატიშვილი ეხება ევროპის ისტორიის საკითხებს, კერძოდ, იკვლევს საბჭოთა კავშირის დაშლისა და რუსული იმპერიალიზმის შედეგებს. პუბლიკაციაში „ევროპა, გაიღვიძე!“ იგი მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას ერთიანი ევროპული აზროვნებისა და კულტურული მიღწევების შენარჩუნების სასარგებლოდ, რითაც იძლევა მნიშვნელოვან სააზროვნო იმპულსებს დასავლური საზოგადოებისთვის.”
ისტორიის ფურცლები:
გერმანიის ქალაქ ფულდის ვინფრიდის პრემია დაარსებულია დოქტორ ჰ. გ. ვაიდერის ფონდის მიერ. პრემიას სახელი ეწოდა წმინდა ვინფრიდ ბონიფაციუსის პატივსაცემად, რომელიც დაკრძალულია ფულდაში და მას ხშირად „ადრეული შუა საუკუნეების პირველ ევროპელს“ უწოდებენ.
ქალაქი ფულდა 2001 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად გადასცემს ვინფრიდის პრემიას იმ პიროვნებებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხალხთა შორის ურთიერთგაგების საქმეში.
მიჩნეულია, რომ 1983 წელს თბილისში დაბადებული ნინო ხარატიშვილი თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხმაა. მრავალი ჯილდოს მფლობელი ავტორის, თეატრის რეჟისორისა და დრამატურგის საერთაშორისო აღიარებას საფუძველი ჩაუყარა ეპოსმა „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“. მის სხვა ნაწარმოებებს შორისაა „ჩემი საყვარელი ორეული“, „კატა და გენერალი“ და „უკმარი სინათლე“ – რომანები, რომლებიც გამოირჩევა გამომსახველობითი ენითა და ისტორიასა თუ იდენტობაზე ღრმა დაფიქრებით. ბოლოს გამოქვეყნებული ნამუშევრებია: „ლომგულები“ და „ევროპა, გაიღვიძე! ტექსტები და გამოსვლები“.
Artinfo.ge
