„ყველაზე მთავარი სიგნალი ინვესტორებისთვის კანდიდატის სტატუსი იქნება“ – თამაზ დაუშვილი

„ევროკავშირია ის ერთადერთი ადგილი სადაც საქართველომ შეიძლება თავი დაიმკვიდროს“, – ასე აფასებს „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი „კომერსანტთან“ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობას.
„ბიზნესის დიდი ინტერესია, რომ მოხდეს საქართველოს ევროპულ კავშირთან დაახლოება. კანდიდატის სტატუსის მიღება ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი სიკეთის მომტანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი კეთილდღეობის მომტანი რაც თითოეულ ადამიანთან მივა და არამხოლოდ ერთეულებთან.
ევროკავშირი ეს არის სამართლიანობაზე დაფუძნებული კავშირი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული, ასევე სოციალურ სამართლიანობაზე და ა.შ. ასე რომ, ევროკავშირია ის ერთადერთი ადგილი სადაც საქართველომ შეიძლება თავი დაიმკვიდროს, როგორც კულტურული, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით“, – ამბობს თამაზ დაუშვილი.
მისი განმარტებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მიღება ბევრი უცხოელი ინვესტორისათვის, შესაძლოა, სწორედ ის გადამწყვეტი ფაქტორი იყოს, რაც მას საქართველოში ინვესტირების სურვილს გაუჩენს.
„ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი ნებისმიერი ინვესტორისთვის, რაც არ უნდა გვიხაროდეს სტატისტიკა და დადებითი რიცხვები, ყველაზე მთავარი სიგნალი ინვესტორებისთვის კანდიდატის სტატუსი იქნება. ევროკავშირთან დაახლოება ძალიან ბევრ საკითხში გარკვეულობას ნიშნავს, როდესაც მისი წევრი გავხდებით, უკვე წარმოუდგენელია, ის კითხვები, რაც ახლა გვაქვს სასამართლოსთან, დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და სხვა“. – ამბობს თამაზ დაუშვილი.
ცნობისთვის, ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, 15 დეკემბერს უკვე ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.