ტურისტული კომპანია „ვინგლეთი“ 2025 წელს აჯამებს. კომპანიის დამფუძნებელი, ანა კირკიტაძე განვლილ პერიოდს არასტაბილურ, თუმცა საბოლოო ჯამში დაბალანსებულ წლად აფასებს. უფრო კონკრეტულად, მისი შეფასებით, წლის პირველ ნახევარში არსებულმა ჩავარდნებმა და მეორე ნახევარში გააქტიურებულმა მოთხოვნამ ერთმანეთი დააბალანსა, რის გამოც კომპანიამ ფინანსურად დაახლოებით 2024 წლის იდენტური შედეგი მიიღო.
„2025 გარკვეულწილად აღმავალ-დაღმავალი წელი იყო. იყო პერიოდები, როცა შედარებით უკეთ მიდიოდა ყველაფერი და იყო პერიოდები, როცა გვქონდა ჩავარდნები, რაც გარემო სიტუაციებიდან გამომდინარეობდა. თუმცა, წლის მეორე ნახევრიდან სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. ზოგადად, ბიზნესებს წლიდან წლამდე ზრდა ახასიათებს, თუმცა ამ ზრდას 2025-ზე ვერ ვიტყვი, დაახლოებით 2024-ის მსგავსი წელი იყო,“ – აღნიშნავს ანა კირკიტაძე.
“ვინგლეთის” დამფუძნებელი BMG-სთან საუბარში იმ ცვლილებებსაც გამოყოფს, რაც გასულ წელს ქართველი მოგზაურების ქცევაში გამოიკვეთა. ანა კირკიტაძის თქმით, ბაზარი დოჰას მიმართულებამ ერთიანად მოიცვა. ხაზს უსვამს იმასაც, რომ ტრადიციულად სტაბილური და აქტიური იყო მოთხოვნა ანტალიასა და შარმ-ელ-შეიხზე. რაც შეეხება ევროპას, მისი მოსაზრებით, ამ მიმართულებით მომხმარებელი უფრო ფრთხილი აღმოჩნდა.
„ევროპის მიმართულებით იყო ცოტა შიშები. ზოგი ერიდებოდა დაგეგმვას რაღაც პერიოდით ადრე, რადგან არასტაბილურობიდან გამომდინარე, არ იცოდნენ, რა იქნებოდა ერთი ან ორი თვის მერე. თუმცა თავიდან თუ უფრო რთულად აღიქვეს, ბოლოსკენ ეს ნაწილიც მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა,“ – განმარტავს ანა კირკიტაძე.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, 2026 წელს „ვინგლეთი“ ოპტიმისტური მოლოდინებით ხვდება, რაც დიდწილად საქართველოს ავიაბაზარზე დაგეგმილ სიახლეებს უკავშირდება. გარდა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისა (EasyJet, Wizz Air), ანა კირკიტაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პრემიუმ კლასის ავიაკომპანია Etihad-ის შემოსვლაზე, რომელიც ფრენებს 2026 წლის მარტიდან დაიწყებს.
„Etihad-ი ოპერირებას აზიისა და ემირატების მიმართულებით. ასეთი მაღალი დონის ავიაკომპანია, პრინციპში, ბევრი არ გვყავს ქართულ ბაზარზე და ეს ფაქტი საკმაოდ სასიხარულოა,“ – აღნიშნავს კირკიტაძე.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მომხმარებელს სრულ ტურისტულ სპექტრს სთავაზობს, 2026 წლის სტრატეგიულ მიმართულებად „ვინგლეთი“ კვლავ კრუიზებს ასახელებს. ანა კირკიტაძის თქმით, ეს პროდუქტი ქართულ ბაზარზე ყოველწლიურ ზრდას აჩვენებს და მომხმარებლის კმაყოფილების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
„ჩვენი ძირითადი აქცენტები 2026 წელსაც, ალბათ, ისევ კრუიზების მიმართულებით იქნება. ეს ჩვენთვის ძალიან სენსიტიური პროდუქტია, რადგან ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტი განმეორებითი ტურისტი ზუსტად ამ მიმართულებაზე გვყავს. კრუიზები ჩვენი ბაზრისთვის ახალი პროდუქტია და, გვინდა თუ არ გვინდა, წლიდან წლამდე ზრდის ტენდენციას მაინც გამოხატავს,“ – აცხადებს “ვინგლეთის” დამფუძნებელი.
bm.ge




