„ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია აცხადებს, რომ სასტუმროებში ყველაზე მეტად კონფერენციები გაუქმდა. ამის შესახებ მან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სექტორისთვის “ტურიზმის ინდუსტრიის შეჯამება და დაგეგმილი აქტივობების” პრეზენტაციის წარდგენის ღონისძიებაზე ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ ისაუბრა.
დარგის წარმომადგენელმა აღნიშნავს, რომ „ინნ ჯგუფის“ სასტუმროებისთვის 2024 წლის პირველი ნახევარი შედარებით კარგი იყო და სტაბილური დატვირთვით მუშაობდნენ. თუმცა შემოდგომიდან გამოწვევები დაიწყო, რაც ზამთრის კურორტებზე ეს ნაკლებად აისახა და „გუდაური ინნ“-ის შემთხვევაში დატვირთვა 90%-მდეა. მისივე ინფორმაციით, დამსვენებლების ნაკადები ევროპული ქვეყნებიდან შემცირებულია, ხოლო აზიის ქვეყნებიდან (ინდოეთიდან, ჩინეთიდან) – გაზრდილი.
„სასტუმროების ადგილმდებარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე მეტად მიმდინარე მოვლენები თბილისის ცენტრში არსებულ სასტუმროებზე აისახა, შემოგარენში სტანდარტული დატვირთულობა აქვს. შემცირება უფრო ევროპული ქვეყნებიდან გვაქვს. ამ ეტაპისთვის თუ მათი მოზიდვა გვინდა საქართველოს სახელსა და რეპუტაციაზე უნდა ვიზრუნოთ, სანამ საქართველო არ იქნება მათთვის ასოცირებული როგორც უსაფრთხო ქვეყანა, იმიტომ რომ ნებისმიერი მოვლენები ტურისტებზე მოქმედებს. მიუხედავად იმისა რომ ტურისტებს არავინ ერჩის მაინც აქვთ ხოლმე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები“, – ამბობს ერეკლე კოკაია.
რაც შეეხება საქმიან ტურიზმსა და კონფერენციებს, ერეკლე კოკაია ამბობს, რომ ამ მხრივ ძირითადი დამკვეთები არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, რომელთაგანაც ფინანსური სირთულეების გამო მოთხოვნა შემცირდა.
„სეგმენტებით რომ შევხედოთ, ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტად კონფერენციები გაუქმდა. ამ მიმართულებით ყველაზე მეტი მოთხოვნა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდიოდა, რაც გარკვეული პრობლემების გამო ყველა მაგას აღნიშნავს, რომ დაფინანსების პრობლემა აქვთ, ან გეგმები შეეცვალათ. ყველა მიმართულებით იქნება ეს თბილისი თუ ქალაქის გარეთ კონფერენციები შეჩერებულია. კონფერენციების გამართვის მოთხოვნა ძირითადად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოდიოდა, თუმცა იყო MICE ტურიზმი, რომელიც ჩვენს სექტორში ყველაზე მეტი შემოსავლის შემომტანია, მაგ მიმართულებითაც იყო გაუქმებები, ან უბრალოდ საქართველოს არჩევდნენ სხვა ქვეყანას. ყველაზე ხშირად მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებენ ხოლმე და მიუხედავად იმისა რომ არავინ მათ საფრთხეს არ უქმნის, ქვეყანაში არსებული მოვლენები ყოველთვის საშიშროებასთან და ვერ რისკავენ ხოლმე ჩამოსვლას“, – განმარტა „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
ცნობისთვის, „ინნ ჯგუფი“ 4 სასტუმროს გუდაურშია, ქუთაისსა, გორსა და თბილისში მართავს.