„ყველაზე მაღალშემოსავლინი და სწრაფად მზარდი Avtandil-ია“ – როგორია ტანსაცმლის წარმოების ინდუსტრია საქართველოში

ორგანიზაცია Finspot-ი ადგილობრივად წარმოებული ტექსტილისა და ტანსაცმლის ბიზნესს, 5 კომპანიის მაგალითზე, მათ შორის შპს “ავთანდილ ცქვიტინიძე” (Avtandil-73), შპს “მატერიელ თბილისი” (Materiel), შპს “ტიფლის ტექსტილი” (Tiflistex • ტიფლისტექსი), შპს “ანაბეჭდი” (ანაბეჭდი • Anabechdi), შპს “მორ იზ ლავ” (Moreislove.com) გაეცნო.
წარმოდგენილი კომპანიების ძირითად საქმიანობას ტექსტილის პროდუქციის წარმოება და/ან რეალიზაცია წარმოადგენს. ადგილობრივ გაყიდვებთან ერთად, კომპანიებს ექსპორტზეც გააქვთ პროდუქცია, რაც, უმეტეს შემთხვევაში, შემოსავლების მნიშვნელოვან წილს წარმოადგენს.
„Avtandil-73 დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მიერ შექმნილი ბრენდია, რომელიც მოიცავს ორ ხაზს: პირველი ხაზი მაღალ საფასო სეგმენტზე გათვლილი დიზაინერული სამოსია; მეორე ხაზის (“Avtandil-73”) მიზნობრივი აუდიტორია კი საშუალო შემოსავლიანი სეგმენტია. კომპანიის პროდუქცია ხელმისაწვდომია 6 პერსონალურ მაღაზიაში და საზღვარგარეთ არსებულ რამდენიმე კონცეპტუალურ მაღაზიაში.
Materiel ერთ-ერთი წამყვანი ქართული ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციას ყიდის მსოფლიო მასშტაბით საკუთარი ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. კომპანიას თბილისში აქვს საკუთარი ფიზიკური მაღაზიაც.
Tiflistex წარმოდგენილი კომპანიებიდან ყველაზე გვიან (2018 წელს) დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც უმსხვილესი წინდების საწარმოა საქართველოში.
Anabechdi ლიდერია სხვადასხვა დანიშნულების უნიფორმების, სპეცტანსაცმლის და ბრენდული სამოსის წარმოებაში. კომპანია ძირითადად B2B მიმართულებით მუშაობს და სპეცტანსაცმლით ამარაგებს სხვადასხვა კერძო კორპორაციულ თუ სახელმწიფო უწყებას.
Moreislove.com ერთ-ერთი პირველი ონლაინ ტანსაცმლის მაღაზიაა, რომელიც სხვადასხვა ქართველი და უცხოელი დიზაინერების პროდუქციას უწევს რეალიზაციას ერთ სივრცეში. კომპანია ასევე ახდენს საკუთარი ბრენდის (“0711 / O’SEVEN ELEVEN”) წარმოებას და რეალიზაციას. გააჩნია ფიზიკური მაღაზიაც თბილისში“, – ნათქვამია Finspot-ის მიმოხილვაში.
წარმოდგენილ ტექსტილის მწარმოებლებს/რეალიზატორებს შორის ყველაზე მაღალშემოსავლინი და სწრაფად მზარდი კომპანია Avtandil-73-ია. 2023 წელს კომპანიის შემოსავლებმა ₾11 მილიონზე მეტი შეადგინა, რაც 3-ჯერ და მეტჯერ აღემატება 2019 წლის შემოსავლებს.
Materiel-ის შემოსავლებმა ₾5 მილიონი შეადგინა 2022 წელს (2023 წლის ანგარიშგება ჯერ არ აქვს გამოქვეყნებული). კომპანიის შემოსავლები 2019 წელთან შედარებით 10%-ით არის შემცირებული.
ტიფლისტექსი-ს შემოსავლებმა ₾3.7 მილიონი შეადგინა 2023 წელს, რაც 41%-ით აღემატება 2019 წლის ბრუნვას. ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობის ზრდამ დიდწილად განაპირობა კომპანიის შემოსავლების მკვეთრი ზრდა 2019-23 წლებში. ამჟამად, კომპანიის შემოსავლების 40% ექსპორტზე მოდის.
ანაბეჭდის შემოსავლებმა ₾2.8 მილიონი შეადგინა, რაც 30%-ით აღემატება 2019 წლის შემოსავლებს.
Moreislove.com-ის შემოსავლებმა ₾2.3 მილიონი შეადგინა, რაც 34%-ით ჩამოუვარდება 2019 წლის მაჩვენებელს (₾3.4 მილიონი). ბრუნვის შემცირების ძირითადი მიზეზი შოურუმიდან და ონლაინ გაყიდვებიდან შემცირებული შემოსავლებია, რომელიც ნაწილობრივ განეიტრალდა საკუთარი ბრენდი “0711”-ის გაზრდილი საბითუმო გაყიდვებით. ამჟამად, კომპანიის შემოსავლების 37% მოდის ონლაინ გაყიდვებზე, 36% საცალოზე და 26% საბითუმო გაყიდვებზე.
„საერთო მოგების მარჟების კუთხით, ყველაზე მაღალი მარჟა (73%) Materiel-ს უჭირავს, ყველაზე დაბალი კი Tiflistex • ტიფლისტექსი-ს (22%).
კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლებს რომ შევხედოთ, თითოეულ მათგანს (Tiflistex-ის გარდა) გაუარესებული აქვს EBITDA მარჟები 2019 წლის შემდეგ. ამის ძირითადი გამომწვევი მიზეზი კი ბოლო წლებში გაზრდილი გამოყენებული მასალების, ხელფასებისა და იჯარის ხარჯებია, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა საერთო მოგების მარჟაზე და/ან საოპერაციო ხარჯებზე.
მაგალითად, Avtandil-73-ის EBITDA მარჟა 18% იყო 2018 წელს, ეს მაჩვენებელი კი 5.5%-მდე ჩამოვიდა 2023 წელს. Moreislove.com-ის EBITDA მარჟა 26% იყო 2019 წელს, რაც თითქმის 11%-მდე შემცირდა 2023 წლისთვის. ამ მხრივ გამონაკლისია Tiflistex • ტიფლისტექსი, რომელმაც 2018 წელს დაფუძნების შემდეგ გაზარდა და დაასტაბილურა საერთო მოგების მარჟები 22%-24%-ზე და საოპერაციო ხარჯების ოპტიმალური მართვით 17%-იან EBITDA მარჟაზე ავიდა 2023 წლისთვის.
კაპიტალის სტრუქტურის მხრივ, ყველაზე მაღალ-ლევერიჯიანი კომპანიები არიან მასიურ წარმოებაზე ორიენტირებული საწარმოები – Tiflistex • ტიფლისტექსი და ანაბეჭდი • Anabechdi. ამ კომპანიების მიერ აღებული სესხი აჭარბებს მთლიან აქტივებს. დანარჩენი კომპანიები კი უმეტესად დაბალი ლევერიჯით ოპერირებენ.
სტაბილურად დივიდენდის განაწილებას მფლობელზე მხოლოდ Avtandil-73-ი ახერხებს. მიუხედავად შემცირებული მომგებიანობის მაჩვენებლებისა, კომპანია გაზრდილი ბრუნვის ხარჯზე ახერხებს საკმარისი თავისუფალი ფულადი ნაკადების გენერირებას. 2023 წელს კომპანიამ დივიდენდის სახით ₾567 ათასი გასცა, 2022 წელს კი ₾316 ათასი“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ასევე დაგაინტერესებთ