„კიივსტარი“ რომელიც უკრაინაში ყველაზე დიდი მობილური ოპერატორია კიბერშეტევის სამიზნე გახდა. ეს რუსეთ-უკრაინის ომის დროს ყველაზე დიდი კიბერშეტევაა, რომელმაც მილიონობით მობილური და ინტერნეტ სერვისების მუშაობა შეზღუდა.
„კიივსტარს“ 24 მილიონზე მეტი მობილური აბონენტი ჰყავს, უკრაინის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 1.1 მილიონი ადამიანი კი კომპანიის ინტერნეტს სახლში იყენებს.
კიბერთავდასხმის შედეგად კომპანიის აიტი ინფრასტრუქტურა „ნაწილობრივ“ განადგურდა ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე კომაროვი.
ამ დროისთვის უცნობია ვინ დგას კიბერთავდასხმის უკან, კომპანია ამბობს, რომ მომხდარი რუსეთის ომს უკავშირდება, თუმცა ცალსახად არ ამბობენ, რომ თავდასხმის უკან რუსეთი დგას.
„ომი მიმდინარეობს კიბერსივრცეშიც. სამწუხაროდ ჩვენ ამ ომის შედეგად დავზარალდით“, – ამბობს კომაროვი და აქვე განმარტავს, რომ არ იცის, როდის შეძლებს „კიივსტარი“ სრულყოფილად ფუნქციონირების და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას.
„შეტევამ საგრძნობლად დააზიანა ჩვენი ინფრასტრუქტურა, შეზღუდა წვდომა, ჩვენ ვერ გავუმკლავდებოდით მას ვირტუალურ დონეზე, ამიტომ ფიზიკურად დავხურეთ, რათა თავდამსხმელებისთვის წვდომა შეგვეზღუდა“,- ამბობს ალექსანდრ კომაროვი.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება და როგორც სააგენტო „როიტერი“ უკრაინის სადაზვერვო სააგენტოზე დაყრდნობით წერს, კიევი მომხდარის უკან რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების კვალს ხედავს.
„კიივსტარში“ ამბობენ, რომ დაზიანებულია ორი მონაცემთა ბაზა, რომელიც მომხმარებელთა მონაცემებს შეიცავს, ამჟამად სერვერები დაბლოკილია. „კიივსტარი“ ამსტერდამში დაფუძნებული ტელეკომ ოპერატორის „ვეონ“-ის შვილობილი კომპანიაა. ამსტერდამული კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აქტიურად არის ჩართული პროცესებში და თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან.
„ვეონის“ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარეობს ზარალის მოკვლევა, რომლის დადგენაც ამ ეტაპზე შეუძლებელია.