ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერი მაიამიდან დაიძრა – BBC

მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერი – Icon of the Seas, მაიამიდან კარიბის ზღვის აუზისკენ, პირველ 7-დღიან მოგზაურობაში გაემგზავრა. ამის შესახებ BBC წერს.
გემი 250 800 ტონას იწონის და მისი სიგრძე თითქმის 365 მეტრია. თავად გემის მშენებლობა და შეძენა Royal Caribbean International-ს თითქმის $2 მლრდ (1,65 მილიარდი ევრო) დაუჯდა.
Royal Caribbean-ის ვებსაიტის მიხედვით, ლაინერზე ბილეთების ფასები $1,723-დან $2,639-მდე მერყეობს. თუმცა, სადღესასწაულო პერიოდში ერთი მგზავრის ბილეთის ფასი 5,124 დოლარამდეც იზრდება.
ლაინერი მოგზაურობისას კარიბის ზღვაში გაჩერდება კუნძულებზე – სენტ-კიტსი, ნევისი და აშშ-ს ვირჯინიის კუნძულების დედაქალაქში შარლოტა ამალი.
გემს შეუძლია 7600-მდე მგზავრის განთავსება, რომლებიც დაიძინებენ, ჭამენ და გაერთობიან 20 გემბანზე, სადაც 40-ზე მეტი რესტორანი, კაფე და ბარია. იქვეა პატარა პარკი ტროპიკული მცენარეულობით, თეატრი, კარაოკე, ჩოგბურთის და ფრენბურთის კორტები, ატრაქციონები ბავშვებისთვის და წყლის პარკი.
გემი რეგისტრირებულია ბაჰამის კუნძულებზე და აშენდა ფინეთში, რომლის ღირებულება 2 მილიარდი აშშ დოლარია.
ძრავები, რომლებიც ამ მცურავ გასართობ პარკს კვებავს, მუშაობს თხევად ბუნებრივ აირზე (LNG).
გარემოსდამცველები ამ ტიპის საწვავს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მისი გამოყენება ატმოსფეროში მეთანის გამოყოფას იწვევს.
ამასთან, გემის მფლობელები, Royal Caribbean, ამტკიცებენ, რომ Icon of the Seas 24%-ით უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე ამას მოითხოვს თანამედროვე საზღვაო ტრანსპორტის წესები. კომპანია ასევე გეგმავს ნულოვანი ემისიის გემის შექმნას 2035 წლისთვის.