“ყველაზე დიდი გამოწვევა იმ გუნდებთან მქონდა, რომელთაც ქართველი მწვრთნელები ჰყავდათ…” – “სამგურალის” მთავარი მწვრთნელი ტიაგო გომისი

წყალტუბოს “სამგურალის” მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო გომისმა კლუბის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში ახლახან დასრულებული ჩემპიონატი შეაჯამა და მომავალი სეზონის კონტურებზეც ილაპარაკა:
“იყო მომენტები, როდესაც შეგვეძლო უკეთესი შედეგების მიღწევა და, შესაძლოა, “სამგურალის” ისტორიის შეცვლაც, თუკი მეოთხე ადგილს მივუახლოვდებოდით. თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი წავაგეთ, მათ შორის, ისეთი თამაშებიც, სადაც მეტოქეზე უკეთესები ვიყავით. ამისთვის მაღალი ფასიც გადავიხადეთ.
ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი “სამგურალის” ევოლუციაა. ჩვენ ჩამოვყალიბდით შემტევ გუნდად, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს. ყოველთვის შეტევაზე ორიენტირებული საფეხბურთო სტილი გვქონდა – შინაც და სტუმრადაც. სეზონის ბოლოსთვის გავარდნის პრობლემა აღარ შეგვქმნია”, – ამბობს ტიაგო გომისი.
“რაც შეეხება მომავალს, კარგად ვიცით, საითაც მივდივართ. კლუბის პრეზიდენტის, ჩემი და მთლიანად “სამგურალის” სტაფის საერთო მიზანია ევროტურნირებზე გასვლა.
ცხადია, ამ მიზნის მისაღწევად ბევრ გამოწვევას შევხვდებით. მომდევნო კვირები და წინასასეზონო მომზადება გადამწყვეტი იქნება გუნდის სწორად დაკომპლექტებისთვის.
“სამგურალის” პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ იაშვილი, შესანიშნავი ადამიანია და ძალიან მიხარია მასთან და კლუბის ყველა თანამშრომელთან მუშაობა. უკვე გვაქვს ჩამოყალიბებული სია, თუ რომელი პოზიციების გაძლიერება და რა ტიპის მოთამაშეები გვჭირდება.
პრეზიდენტი და დირექტორები დიდი მონდომებით მუშაობენ იმისთვის, რომ გუნდი მზად იყოს უფრო ამბიციური მიზნებისთვის. აუცილებელია, რომ თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ორი მოთამაშე გვყავდეს. კონკურენცია ვარჯიშებზეც მნიშვნელოვანია, ხარისხიც მეტი იქნება, რაც, შესაბამისად თამაშზეც, აისახება.
გავაგრძელებთ ჩვენი სამუშაო პროცესების გაუმჯობესებას, რათა ფეხბურთელების ინდივიდუალური საშემსრულებლო დონე კიდევ უფრო გაიზარდოს. მჯერა, ეს არის წარმატების მთავარი რეცეპტი”, – აცხადებს 41 წლის სპეციალისტი და იქვე მომავალი სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის გეგმებს გვიმხელს:
“მომდევნო სეზონისთვის მზადებას 10 იანვარს დავიწყებთ. სამ კვირას საქართველოში ვივარჯიშებთ, შემდეგ კი შეკრებაზე თურქეთში გავემგზავრებით”, – ამბობს ბრაზილიელი და ბოლოს ქართულ ფეხბურთსა და ეროვნულ ლიგას აფასებს:
“ეროვნულ ლიგაში ბევრი საინტერესო და ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს. ქართველი მოთამაშეების ინდივიდუალური თვისებები ძალიან მომეწონა. ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ იმ გუნდებთან მქონდა, რომელთაც ქართველი მწვრთნელები ედგნენ სათავეში. განსაკუთრებით აღვნიშნავ “იბერიას”, რომელიც საოცრად ორგანიზებული გუნდი იყო.
ასევე საოცარი სამუშაო გასწია გიორგი ჭიაბრიშვილმა ს “დინამოში”. ვიცი, რა სირთულეებიც ჰქონდა მას სეზონის განმავლობაში. მიუხედავად ყველაფრისა, შეძლო გუნდის ეროვნულ ლიგაში დატოვება. ასევე საინტერესო სტილის გუნდი იყო გიორგი ონიანის “გაგრა”.
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] “სპაერი” ცალი ფეხით უმაღლესშია, “თელავი” ფავორიტია…
[VIDEO. საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. ფინალი] “იბერიას” დუბლი არ გამოუვიდა, “დილა” თასს მეორედ დაეპატრონა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] “დილა” საჩემპიონო რბოლაში რჩება, “სამგურალი” ჯერ მშვიდად ვერ იქნება…
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] უხვი გოლი იმერულ დერბიში და რეკორდული ტური! “ტორპედო” მესამე ადგილზე გადავიდა…
წყალტუბოს “სამგურალს” ახალი, თანამედროვე სტადიონი ექნება!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] ყველაზე მოტივირებული ფანცულაია იყო! “სამგურალმა” ს “დინამოს” შანსი არ დაუტოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია…
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! “იბერია 1999” პირველ ადგილს ინარჩუნებს…