„ყველაზე დაბალი მომგებიანობის მაჩვენებლები „დომინოს“ აქვს“ – „გორგიას“ შემოსავლები ₾141 მილიონით აჭარბებს „დომინოს“ მაჩვენებლებს

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების შპს „გორგიას“, შპს „მოდუსის“ და შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ (დომინო) ფინანსური მაჩვენებლები Finspot-მა შეაჯამა.
სამივე კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო მასალების საცალო და საბითუმო რეალიზაცია. კომპანიები ძირითადად ოპერირებენ „აკეთე შენით“ ე.წ. DIY (do-it-yourself) კონცეფციის ჰიპერმარკეტების საშუალებით. სარეალიზაციო პროდუქციის უმეტესობა წარმოადგენს იმპორტირებულ საქონელს, თუმცა ბოლო წლებში იმატა ადგილობრივი წარმოების პროდუქციამაც.
Finspot-ის შეფასებით, უძრავი ქონების სექტორში გაზრდილი აქტივობის ფონზე, მოთხოვნა გაიზარდა სარემონტო მასალებზეც. შესაბამისად, 2020 წლის გამოკლებით, გაყიდვების აღმავალი ტრენდია თითქმის ყველა მოთამაშის შემთხვევაში. სამივე განხილული კომპანია წარმოადგენს მსხვილ და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტს, რომელსაც სექტორისთვის საკმაოდ მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვს, ბაზარზე შედარებით გვიან გამოჩენილი და მცირე ბრუნვის მქონე კომპანიები კი ხშირ შემთხვევაში წაგებაზე ოპერირებენ.
„სამშენებლო-სარემონტო მასალების მაღაზიების სექტორში „გორგია“ უპირობო ლიდერია როგორც ბრუნვის, ასევე გეოგრაფიული დაფარვის თვალსაზრისით. „გორგიას“ შემოსავლებმა ₾272 მილიონი შეადგინა 2022 წელს, რაც თითქმის 16%-ით აღემატება 2021 წლის შემოსავლებს. „მოდუსი“-ს და „დომინო“-ს შემოსავლებმა კი ₾145 მილიონი და ₾131 მილიონი შეადგინა, შესაბამისად.
2019-2022 წლებში კომპანიების საშუალო წლიური ზრდა 9%-30%-ის ფარგლებში იყო. „დომინოს“ მაღალი ზრდის ტემპი ძირითადად განაპირობა 2021 წლის ბოლოს გახსნილმა მეორე ჰიპერმარკეტმა.
კომპანიების საერთო მოგების მარჟები 30%-ის ირგვლივაა, რაც თანხვედრაშია საერთაშორისო წამყვანი DIY სექტორის მოთამაშეების მარჟებთან. სექტორისთვის დამახასიათებელი დაბალი საერთო მარჟის პირობებში, კომპანიების მნიშვნელოვანი ფოკუსი მიმართულია საოპერაციო ხარჯების მართვაზე. კომპანიების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 16%-24%-ის ფარგლებშია. საოპერაციო ხარჯების ძირითადი წილი კი მოდის თანამშრომელთა ხელფასებზე.
რაც შეეხება სარეკლამო ხარჯებს, კომპანიები საშუალოდ შემოსავლების 0.5%-1.5%-ს ხარჯავენ მარკეტინგის მიმართულებით. მაგალითად, „გორგია“ თითქმის ₾4 მილიონს ხარჯავს წლიურად სარეკლამო აქტივობებში, „დომინო“ ₾1.1 მილიონს, „მოდუსი“ კი კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ნაკლებს – ₾690 ათასამდე“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
აღსანიშნავია, რომ კონკურენტებს შორის, ყველაზე დაბალი მომგებიანობის მაჩვენებლები „დომინოს“ აქვს. ამასთან ერთად, „დომინო“ ყველაზე მაღალ-ლევერიჯიანიცაა, რაც კომპანიის წმინდა მოგების ყველაზე დაბალ მარჟასაც განაპირობებს. „დომინოს“ მიერ აღებული სესხი მთლიანი აქტივების 93%-ს წარმოადგენს, მაშინ როდესაც კონკურენტების იგივე მაჩვენებელი 17%-40%-ის ფარგლებშია.
რაც შეეხება დივიდენდებს, 2019-2022 წლებში კუმულატიურად გაცემული დივიდენდები ასეთია: „გორგია“ – ₾30.2 მილიონი; „მოდუსი“ – ₾17.1 მილიონი; „დომინო“ – ₾0 (არ აქვს საკმარისი cash flow).
„გორგიას“ მფლობელია გია გორგოშაძე (100%). „მოდუსის“ მფლობელია ამირან დარჩიძე (100%). „დომინოს“ საბოლოო მაკონტროლებელი მხარე კი ოლეგ პავლოვია (Quadrum Investment Management Limited“-ის გავლით), Quadrum Investment Management Limited საქართველოში ასევე ფლობს შპს CBD Development-ს (სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“) და შპს BD Property-ს („თბილისი გარდენს“).