“ყვარლის ბაგას” შეცდომების გამო, 4.7 მლნ “ჩირინამ” გადაიხადოს?! [საქმეს] ქრთამის სუნი ასდის” – ინტერვიუ

ხორცპროდქტების კომპანია „ჩირინას“ მფლობელს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე ლიანა კეჟაშვილმა „აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო“, როცა „ჩირინას“ „ყვარლის ბაგას“ სასარგებლოდ 4.7 მლნ ლარის გადახდა დააკისრა. “[საქმეს] ქრთამის სუნი ასდის“ – თქვა ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, სადაც ბიზნესდავაში თავისი კომპანიის არგუმენტები ვრცლად წარმოადგინა. „2700 ტონა ნაკელს თუ აჭმევ, იმ ძროხებს შეიძლება ბევრი რამე დაემართოთ… „ყვარლის ბაგას“ შეცდომების გამო, ₾4.7 მლნ “ჩირინამ“ უნდა გადაიხადოს?!“ – აცხადებს ბიზნესმენი.
ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ VS რევაზ ვაშაკიძის „ჩირინა“ – ბიზნესდავის ისტორია მოკლედ
„ყვარლის ბაგა“ რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმაა, რომელიც ბაზრის ლიდერ რძის გადამმუშავებელ კომპანიებს ამარაგებს, ხოლო კომპანია „ჩირინა“ ცნობილი ქართული ბრენდის „ბიუ-ბიუს“ ხორცპროდუქტების მწარმოებელია.
ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და რევაზ ვაშაკიძის „ჩირინას“ შორის ბიზნესდავა 5 წლის წინ დაიწყო. ლაშა პაპაშვილმა რევაზ ვაშაკიძეს სასამართლოში იმ მიზეზით უჩივლა, რომ კომპანია „ჩირინასგან“ შეძენილმა, დაახლოებით, 2 700 ტონა ქათმის გადაუმუშავებელმა ნაკელმა, რომელსაც „ყვარლის ბაგა“ საქონლის საკვებად იყენებდა, „პირუტყვის სიკვდილიანობა გაზარდა“, რადგან ქათმის სკინტლი ანტიბიოტიკებს [ტეტრაციკლინს] შეიცავდა.
ორ ბიზნესმენს შორის რუსთავის სასამართლოში დაწყებული დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა და 2024 წლის 24 დეკემბერს ლაშა პაპაშვილის გამარჯვებით დასრულდა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილის გადაწყვეტილებით, „ჩირინას“ „ყვარლის ბაგასთვის“ 4.7 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა, საიდანაც 3 მლნ ლარი მიუღებელი შემოსავალია, თუმცა დავა გრძელდება, უკვე სააპელაციო სასამართლოში.
ქათმის ნაკელი – საკვები თუ სასუქი?
„ჩირინას“ მფლობელი რეზო ვაშაკიძე ირწმუნება, რომ ის ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდა და არა საკვებად. თავის მხრივ, ლაშა პაპაშვილი კი ამტკიცებს, რომ კომპანია „ჩირინას“ მენეჯმენტისთვის ცნობილი იყო, ქათმის ნაკელს რომ ამუშავებდნენ და საქონლის კვების რაციონში იყენებდნენ. რამდენიმე დღის წინ, ლაშა პაპაშვილმა „წერტილთან“ ინტერვიუში მოიშველია feedipedia-ს მონაცემები იმის თაობაზე, რომ ქათმის გადამუშავებულ ნაკელს, ისევე როგორც ბუმბულს ან ქათმის სისხლს იყენებენ საქონლის კვებაში და ის ხორცის და რძის გემოზე გავლენას არ ახდენს. მისივე თქმით, საქონლის კვების რაციონში ის ქათმის ნაკელს, როგორც პროტეინის წყაროს, მხოლოდ 2018 – 2019 წლებში იყენებდა და შემდეგ – არა.
საქართველოს მთავრობის დადგენილება ნაკელის საკვებად გამოყენების აკრძალვის შესახებ 2023 წელს ამოქმედდა
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს დამტკიცდა “ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის” შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც 2023 წელს ამოქმედდა და ფეკალიები აკრძალული მასალების ნუსხაში მოხვდა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში BMG-ის უთხრეს, რომ ამ რეგულაციის მიღებას საქართველოში ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულები ავალდებულებდა. თავად ევროკავშირში კი, ნაკელის საქონლის საკვებში გამოყენება, დაახლოებით, 20 წლის წინათ აიკრძალა.
ინტერვიუ ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძესთან
– ბატონო რევაზ, რა აარის თქვენი მთავარი არგმენტები, რითაც ამტკიცებთ, რომ „ყვარლის ბაგასთან“ მორალურადაც და სამართლებრივადაც მართალი ხართ და თბილისის საქალაქოს სასამართლოს გადაწყვეტილება – დაგეკისროთ 4.7 მილიონის გადახდა – უსამართლოა?
– ბატონმა ლაშა პაპაშვილმა [„წერტილში“] თქვა, 5 წლის წინანდელი ამბავი ახლა რატომ გახმაურდაო; ამ გახმაურების მიზეზი არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი. რატომ? – „ჩირინას“ „ყვარლის ბაგასთან“ დადებული ხელშეკრულების არცერთი პუნქტი არ დაურღვევია, მაგრამ მოსამართლემ 4.7 მლნ ლარის გადახდა დაგვაკისრა. რაც შეეხება ჩვენს არგუმენტებს: 1. „ჩირინას“ ნაკელი ანტიბიოტიკს არ შეიცავდა – ამას ადასტურებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წერილი, რომლის თანახმად, 2018-2019 წლებში ჩვენი საწარმოდან ანტიბიოტიკ ,,ტეტრაციკლინზე“ გამოკვლეულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა. 2. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ქათმის ნაკელის საანალიზო ნიმუში არაკანონიერად იქნა აღებული. ვგულისხმობ იმას, რომ პროცესს არ ესწრებოდა „ჩირინას“ წარმომადგენელი და ასევე, ნიმუში გაიგზავნა ს შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის საგამოცდო ლაბორატორიაში, რომელიც აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ არაა აკრედიტებული. შესაბამისად, სასამართლოს ასეთი ლაბორატორიის დასკვნა, რომ ნაკელი შეიცავდა ანტიბიოტიკს, მტკიცებულებად არ უნდა მიეღო. 3. „ყვარლის ბაგამ“ ჩვენგან ქათმის ნაკელის 185 პარტია წაიღო და არ შეიძლება 1 პარტიის ანალიზი გავრცელდეს ყველა პარტიაზე.
– მინიმუმ რამდენი პარტიის ნიმუში იყო საჭირო სრულყოფილი ანალიზისთვის?
– ყველა პარტიიდან უნდა იყოს ანალიზი, რადგან სასამართლო ამის საფუძველზე წერს რამდენიმე მილიონიან ჯარიმას. მე-4 საკითხია – რით დაიხოცა 200-მდე სული ძროხა, რასაც მოსარჩელე მხარე – „ყვარლის ბაგა“ გვედავება და სწორედ აქედან არის დათვლილი ფერმის მიუღებელი შემოსავალი…
– თქვენც გეგონათ, რომ რომ 200-მდე სული პირუტყვი დაიხოცა?! ლაშა პაპაშვილმა „წერტილთან“ ინტერვიუში თქვა, რომ კი არ დახოცილა, უბრალოდ, ანტიბიოტიკის მიღებამ უარყოფითი გავლენა იქონია საქონლის წველადობაზე და რადგან „ყვარლის ბაგა“ მეწველი ფერმაა, მან გადაწყვიტა, „მშრალი ძროხები“ გაეყიდა და ახალი საქონელი ეყიდა…
– ჩემი აზრით, როცა საქონელი კვდება, საჭიროა, ფერმაში იყოს ვეტექიმი, საგადასახადოს და სეს-ის წარმომადგენელი; უნდა გაიკვეთოს საქონელი და დადგინდეს, რატომ დაიხოცა პირუტყვი. ამის თაობაზე საბუთები საქმის მასალებში არაა, რაც მოსამართლე ლიანა კაჟაშვილს უნდა მოეთხოვა…
– ან კონკრეტული კითხვები დაესვა – პირუტყვის სიკვდილიანობა რას ნიშნავს?! 200-მდე საქონელი დაიხოცა თუ დაკლეს, რადგან წველადობა დაბალი იყო… საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მიუღებელი შემოსავალი „ყვარლის ბაგამ“ სწორედ ასე დაინგარიშა, რისი გადახდაც სასამართლომ თქვენ დაგაკისრათ…
– საქმის მასალებში წერია, რომ საქონელი დაიხოცა, მაგრამ საბუთები არ დევს, რომ დაიხოცა. დიახ, თქვენთან ინტერვიუში ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, რომ არ დახოცილა, გავყიდეთო; თუ არ დახოცილა ანუ ცოცხლები იყვნენ და კარგად იყვნენ ან ავად იყვნენ. თუ ავად იყვნენ და ასეთი საქონელი გაყიდეს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. დაავადებული ძროხები გაყიდეს?! სად წავიდა ის ხორცი?! ჩვენც გვაქვს მსგავსი პრობლემები ფერმაში და არცერთ არაჯანმრთელ ქათამს არ ვყიდით. სხვათა შორის სეს-სს ვკითხეთ და მოგვწერეს, რომ 2018-2020 წლებში მერძეული ძროხების მასობრივი დახოცვის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
– ლაშა პაპაშვილმაც დაადასტურა, რომ ძროხები არ დახოცვია, მაგრამ ,,ჩირინასგან“ შესყიდულმა პროდუქციამ, რაშიც ტეტრაციკლინი გამოვლინდა, კომპანიის განცხადებით, „არამხოლოდ უვარგისად აქცია რძე, არამედ ანტიბიოტიკების ნარჩენებით ძლიერ დაბინძურებულმა საკვებ დანამატების რეგულარულად მოხმარებამ შესაძლებელი გახადა თვითონ საქონლის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება, გახშირდა მათი ზარალით რეალიზაცია, მკურნალობის არაეფექტიანობა და სიკვდილი“…
– „ყვარლის ბაგამ“ უნდა დაამტკიცოს, რომ ანტიბიოტიკმა გამოიწვია ძროხების გაშრობა…
– სასამართლომ დაადგინა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დავუშვათ ანტიბიოტიკიანი ნაკელის მიღებასა და საქონლის გაბერწებას ან წველადობის შემცირებას შორის?
– სასამართლოს მასალებში დართულ ექსპერტის შეფასებაში წერია, რომ შესაძლებელია, ანტიბიოტიკს გამოეწვია წველადობის შემცირება.
– შესაძლებლობა ფაქტად ხომ ვერ მიიღება?
– რა თქმა უნდა, არა და ეს სასამართლოში ქალბატონ ლიანა კაჟაშვილსაც ვუთხარი, შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ ასე მოხდა და თან ჩვენ ანტიბიოტიკს არც ვიყენებთ „ჩირინაში“…
– რა გიპასუხათ?
– არაფერი. ადგა და გადაწყვეტილება მიიღო – 4.7 მლნ ლარის გადახდა დაგვაკისრა. ჩემი აზრით, ეს დიდი შეცდომაა და გაუმართლებელია, რადგან არ შეიძლება, დამამტკიცებელი საბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღება… ჩემს პირად აზრსაც გეტყვით, რომ 2700 ტონა ნაკელს თუ აჭმევ, იმ ძროხებს შეიძლება ბევრი რამე დაემართოთ…
– თუმცა გააჩნია რამდენ ძროხას აჭმევ და რა პერიოდში… 1800-მდე სული პირუტყვი ჰყავს „ყვარლის ბაგას“ და 1 წელი ჰქონდათ კვების რაციონში თქვენგან ნაყიდი ქათმის ნაკელი, რომელსაც ლაშა პაპაშვილის თქმით, კვებაში 6%-ზე ნაკლები წილი ეკავა…
– შეგიძლიათ დაითვალოთ… ძალიან დიდი რაოდენობა გამოდის და არ შეიძლება ამდენი ნაკელის ჭამა… ქათმის თანამდევი პროდუქტი სკინტლი საჭმელად არ ვარგა და არც უნდა ეჭმია საქონლისთვის.
– ბატონო რეზო, საქონლის კვებაში ქათმის ნარჩენის, ასევე, ბუმბულის და სისხლის გამოყენება, „ყვარლის ბაგას“ ნოუჰაუ ხომ არ იყო?! ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ფერმის ისრაელელმა კონსულტანტმა მიიღო და მაშინ საქართველოშიც აკრძალული არ იყოო…
– შეგიძლიათ, გამოიყენოთ [ნაკელი საქონლის კვებაში]… ეს ლაშა პაპაშვილის [საქმეა], მაგრამ ჩვენგან მოეთხოვა ანალიზი, ან თავად გაეკეთებინა; მერე ცოტა ეჭმია საქონლისთვს და ენახა, რა ხდება… ამ კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომების გამო, „ჩირინამ“ უნდა გადაიხადოს [3.7 მლნ ლარი], რომელსაც რძის წარმოებასთან არაფერი აქვს?!
– როგორ ფიქრობთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ რატომ დაგაკისრათ 4.7 მლნ ლარის გადახდა? სხვადასხვა ინტერვიუებში ამბობდით, რომ ამ საქმეს ცუდი სუნი ასდისო…
– ჩემი აზრით, [გადაწყვეტილებას] ქრთამის სუნი ასდის. სხვანაირად წარმოუდგენელია ლიანა კაჟაშვილს, რომლის მეუღლე [ამირან ძაბუნიძე] უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, ეს გადაწყვეტილება მიეღო. ის ძალიან ჭკვიანი ქალია. ყველაფერში ერკვევა, მაგრამ აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო. არა მგონია, ჩვენი მოსამართლეები ასეთ გადაწყვეტილებას დათანხმდნენ.
– ლაშა პაპაშვილთან ბიზნესდავა რუსთავის სასამართლოში დაიწყო, სადაც მოსამართლემ მისი მოთხოვნები სრულად არ დააკმაყოფილა. თუ ასეთი გავლენიანია, ქრთამს რუსთავის სასამართლოში ვერ გადაიხდიდა?
– მე ვთქვი, რომ გავლენიანია? ქრთამის მიცემას გავლენა არ სჭირდება…
– საზოგადოებაში მას მთავრობასთან დაახლოებულის იმიჯი აქვს…
– არ მგონია, რომ მთავრობიდან მოდიოდეს ეს… მთავრობაზე ძალიან კარგი წარმოდგენის ვარ. ეს არის, უბრალოდ, რაც გითხარით ის – შეპირებული ქრთამი.
– რა მოლოდინი გაქვთ თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან?
– ჯერჯერობით, სხდომა არ ჩანიშნულა, მაგრამ დადებითად ვარ განწყობილი.
– რა გაძლევთ ამის საფუძველს?
– ლოგიკა და მოსამართლეების პატიოსნება. არ მგონია, ყველა გაიყიდოს. ამ თემაზე სასამართლო დავა საერთოდ უნდა შეწყდეს, რადგან „ჩირინა“ არაფერ შუაშია და ამის დამამტკიცებელი საბუთი არაა.
– თუ არ გამართლდა თქვენი ლოგიკური მოლოდინი, რას აპირებთ?
– სტრასბურგამდე მივალ…
– არ აპირებთ გადაიხადოთ 4.7 მლნ ლარი?
– თუ სასამართლომ მიიღებს გადაწყვეტილებას, გადავიხდი, მაგრამ დავას სტრასბურგში გავაგრძელებ, თუმცა ეს არ მინდა, რადგან სახელმწიფოს მიერ იქნება ასანაზღაურებელი თანხა; არ მინდა, სახელმწიფოს დავაკისრო ვალი ზოგიერთი უსინდისო მოსამართლის გამო.