„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას კომპანია Noosh Flowers-ის დამფუძნებელმა ნუკა შენგელიამ განაცხადა, რომ ყვავილების ბაზარზე დემპინგის შემთხვევები არსებობს.მისი თქმით, აღნიშნული ხელს უშლის ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში, დამაზიანებელია მთლიანად სექტორისთვის.„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყვავილების ბაზარზე კონკურენცია იყოს ჯანსაღი, რათა ერთმანეთი განვავითაროთ და არ დავუპირისპირდეთ დემპინგით. სამწუხაროდ ბაზარზე დემპინგის შემთხვევები ხდება. ეს ძალიან ცუდია, იქიდან გამომდინარე, რომ ფასების წარმოქმნა ჯანსაღი უნდა იყოს და კონკურენცია უნდა ხდებოდეს დამატებითი ღირებულებით და არა ყველაზე დაბალი ფასებით. ჩვენი კომპანიის მიზანიც ზუსტად ესაა, რომ გავაძლიეროთ კონკურენცია როგორც ხარისხის, ისე მომხმარებლის გამოცდილების მიმართულებით, რათა გავზარდოთ ასორტიმენტი, განვავითაროთ ციფრული არხები და უფრო კომფორტული სერვისები შევთავაზოთ მომხმარებელს“, – განაცხადა ნუკა შენგელიამ.

