იურისტი, “ქართული ოცნების” ყოფილი თანაგუნდელი, ეკა ბესელია ფეისბუკპოსტში წერს, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მის ვაჟს [რატი მილორავა] პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა და დაზიანებები აღენიშნება.
“შემომიყვანეს ყელის არეში დაზიანებებით, ხელზე სიწითლეებით”, “ყელზე ეტყობა ეს ნაჭდევები” – ეკა ბესელიას მონათხრობით, შვილის სხეულზე დაზიანებები 31 იანვარს, იზოლატორში მონახულებისას შენიშნა, ხოლო “იზოლატორში გამოყვანის წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს”.
“ახლადნაოპერაციებია და გავაფრთხილე ნუ ეჯაჯგურებით , საკმარისად აქვს გადატანილი ყველაფერი და არ მინდა იგივეს განმეორება”, – დაკავების შემდეგ, ღამით, ბესელიას თქმით – შვილს დიდხანს ეძებდა, “24 საათიდან 03 საათამდე” და ვერაფრით აგნებდა.
“ვეძებეთ, ვრეკეთ და ღამის 03 სთ მოიყვანეს დიღმის სამმართველოში და ადგილები არ ქონდათ. 1 სთ ეზოში ყავდათ გაჩერებული . ამ დროს ვნახე რატი პოლიციის მანქანაში ხელბორკილებით და მითხრა რომ ერთმა პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ვთხოვე მშვიდად ყოფილიყო. ღამე ვერ შევედი და დილით ბევრი ზარის შემდეგ შევედით იზოლატორში როგორც იქნა”, – ეკა ბესელია ფეისბუკზე ვიდეოსაც აქვეყნებს.
როგორც წერს, შვილის დაკავებისა და “ძალის გამოყენებით” წაყვანის ამბავი შუაღამის 12:00 საათზე შეიტყო; ხოლო როდესაც ადგილზე მივიდა, დაინახა, რომ – ვაკე-საბურთალოს გზაზე იყო გაჩერებული პოლიციის ავტომანქანა, თუმცა მისი შვილი “გადაყვანილი ყავდათ სადღაც”.
“როგორც მითხრეს ნასვამი მართავდა მანქანას და საპატრულო პოლიცია დაედევნა, გაჩერდა და ამ დროს წინ მდგომ ტაქსის ა/ მანქანას მიედო ისე, რომ არც ერთი მანქანა არაა დაზიანებული. ტაქსის მძღოლმა განაცხადა , რომ არანაირი პრეტენზია არ ქონდა და გაუშვეს”, – როგორც ბესელიას განცხადებიდან ირკვევა, 31 იანვრის 15.35 საათამდე დაკავების ოქმი არ გადაუციათ.
“რაც დაარღვია – ადმინისტრაციული წესით აგებს პასუხს , მაგრამ ვინც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ( ყელზე ეტყობა ეს ნაჭდევები) და არღვევს ამ დრომდე კანონს – იმის პასუხისმგებლობაზე სამთავრობო პროპაგანდას კითხვა გაუჩდება ?”, – ბესელია აღნიშნავს, რომ “დაიწყო წერა პროპაგანდამ ათასი სიბინძურის გავრცელება”.
რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევას ცდილობს.




