100-ზე მეტი ადამანია მოკლული ირანში, ყასიმ სოლეიმანის საფლავთან მომხდარი თავდასხმის დროს. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ, როდესაც ირანელები 2020 წელს, ამერიკელების მიერ მოკლული გენერლის, სოლეიმანის პატივსაცემად მის საფლავთან შეიკრიბენენ, ორი აფეთქების ხმა გაისმა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
სოლეიმანის საფლავთან, ქალაქ კერმანში მომხდარი აფეთქებების შესახებ ინფრმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
უცნობმა ოფიციალურმა პირმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ირნას” აცნობა, რომ „კერმანის მოწამეთა სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე განთავსებული ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ტერორისტებმა დისტანციურად ააფეთქეს“.
ირანის სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა ბაბაკ ეკტაპარასტმა განაცხადა, რომ 73 ადამიანი დაიღუპა და 170 დაშავდა. სახელმწიფო ტელევიზიამ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სულ მცირე 100 ადამიანია მოკლული.
“მიუხედავად უსაფრთხოების ყველა ზომისა, საშინელი ხმა გაისმა. ჩვენ ჯერ კიდევ ვაწარმოებთ გამოძიებას”, – განუცხადა სახელმწიფო ტელევიზიას კერმანის “წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების” ხელმძღვანელმა რეზა ფალაჰმა.
სოლეიმანის მკვლელობის სამი წლისთავთან დაკავშირებით შეკრებილ და შემდეგომში დაჭრილ მოქალაქეებს, სწორედ “წითელი ნახევარმთვარის” მაშველებმა გაუწიეს პირველადი დახმარება. ზოგიერთი ირანული საინფორმაციო სააგენტო ამბობს, რომ დაჭრილთა და დაშავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამას ოფიციალურად აცხადებენ.
სოლეიმანი ამერიკელმა სახმედროებმა 2020 წელს ბაღდადის აეროპორტში დრონის მეშვეობით მოკლეს. საპასუხოდ, თეირანმა შური იძია და ერაყში ორ სამხედრო ბაზას, სადაც ამერიკის ჯარებია განთავსებული, თავს დაესხა. ამ მოვლენებმა, შეერთებული შტატებსა და ირანს შორის დაპირისპირება უკიდურესად გაამწვავა.
სოლეიმანი, როგორც ელიტარული ძალების, “ყუდსის” მეთაური და “ირანის რევოლუციური გვარდიის” (IRGC) პირველი პირი, ფარულ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა სხვა ქვეყნებში. სოლეიმანი ასევე ხელმძღვანელობდა ირანის ძალისხმევას, რომლის მიზნადაც ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკის განდევნა სახელდებოდა.
ამერიკის გარდა, ირანს კონფლიქტური ურთიერთობა აქვს ისრაელთან. ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობამ, მის მოკავშირე შეერთებულ შტატებთან ერთად, ახალ პიკს მიაღწია ისრაელის ღაზაში დაწყებული ომის გამო. ისრაელი ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰამასის” წინააღმდეგ იბრძვის. ეს ისრაელის საპასუხო ქმედებაა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში “ჰამასის” მოულოდნელ თავდასხმაზე, რომლის დროსაც 1200-ზე მეტი ადამიანი, მეტწილად მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს, 240-ზე მეტი კი მძევლად წაიყვანეს. “ჰამასის” მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყება კი ამბობს, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციას 22 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. “ჰამასი” ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.
თუმცა, “ჰამასი” არაა ერთადერთი დაჯგუფება, რომელსაც ირანი ახლო აღმოსავლეთში აფინანსებს. იემენის დიდი ნაწილის მმართველი “ჰუტებიც” ირანის დაფინანსებული დაჯგუფებაა. სწორედ მათ დაიწყეს წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმა. ჰუტები აცხადებენ, რომ ეს მათი პასუხია ისრაელის მიერ დაწყებულ ომზე “ჰამასის” წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ირანის მიერ მხარადჭერილი სამხედროების მხრიდან, თავდასხმის სამიზნეა ამერიკის ჯარი ერაყსა და სირიაშიც.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ორშაბათს ისრაელმა საჰაერო თავდასხმით სირიაში ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთი მეთაური მოკლა.
ირანი აქამდეც მუდმივად ადანაშაულებდა ისრაელს ცალკეულ ადამიანებზე, ან მის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმაში. ამ ბრალდებებს ისრაელი არც ადასტურებს და არც – უარყოფს.
ოთხშაბათს ირანში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიაზე მომხდარ აფეთქებებში კი უცხო ქვეყნის ძალების მონაწილეობის შესახებ არანაირი მინიშნება არ გავრცელებულა.