ყარაბაღის ომიდან ორი წლის შემდეგ – როგორია ცხოვრება “მშვიდობის” დროს

ორი წელი გავიდა ყარაბაღის უკანასკნელი ომის შემდეგ, რის შედეგადაც დაახლოებით 100 ათასმა ყარაბაღელმა სომეხმა იძულებით დატოვა საკუთარი სახლი და ახლა სომხეთში, სხვადასხვა ქალაქში მიმოიფანტნენ. მათ შორისაა ფოტოგრაფი მარუტ ვანიანი, რომელიც ქალაქიდან ქალაქში გადადის და საკუთარი ობიექტივით ცდილობს გადაიღოს და შეინახოს ის რეალობა, რომელსაც თავად და ათასობით სხვა დევნილი ყოველდღე აწყდება. ის გვიყვება დევნილობის საკუთარ და სხვა ყარაბაღელების ამბავს.
ჩემი ისტორია – ყარაბაღიდან სომხეთში
პირველი ეტაპი – შოკი და დახმარება
2023 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა მთელი ყარაბაღი სომხეთში აღმოჩნდა, ჩვენც აქ მოვედით. ყველაფერს რომ ვუყურებ, ამ გზას სამ ეტაპად ვყოფ: პირველ, საშუალო და გრძელვადიანზე.
პირველ ეტაპზე ხელისუფლება, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეებიც გვეხმარებოდნენ. ეს ბუნებრივიც იყო – ყველანი შოკში ვიყავით. ყველგან გვთავაზობდნენ თავშესაფარს, ყველგან ცდილობდნენ, რომ ჩვენს დახმარებას.
მეორე ეტაპი – დამოუკიდებლად ფეხზე დადგომა
საშუალო ეტაპი იყო 2024 წელი, როცა ჩვენ, დევნილებმა, დამოუკიდებლად დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა: ბინების ქირაობა, მუშაობის დაწყება. 2025 წლის აპრილამდე სომხეთის ხელისუფლება თითოეულ ჩვენგანს დაახლოებით 50 ათას დრამს (დაახლოებით 100 დოლარს) გვიხდიდა. ეს თანხა ძირითადად ბინის ქირაში გვეხარჯებოდა. ყარაბაღელები, ძირითადად ერევანსა და მის გარშემო სოფლებში დავფუძნდით საცხოვრებლად. მაგრამ ფასები მაშინვე აიწია ყველაფერზე – ალბათ მალე ევროპის დედაქალაქების ქირას გაუტოლდება.
დახმარების შეწყვეტა და პირველი პროტესტები
2025 წლის აპრილიდან ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს შემწეობა აღარ გადაგვიხადოს. ახლა მხოლოდ შშმ პირებსა და ბავშვებს აძლევენ, ისიც ბევრად ნაკლებს – 30 ათას დრამს. ზაფხულში ბევრმა გამართა მიტინგი სომხეთში ამის გასაპროტესტებლად. მაგრამ მთავრობამ მკაფიოდ თქვა, რომ აღარ გადაიხდის – დროა, ყარაბაღელი სომხები ინტეგრირდნენ სომხურ საზოგადოებაში.
მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკით, ორი წლის განმავლობაში 16 ათასი ყარაბაღელი სომეხი ემიგრაციაში წავიდა, ძირითადად რუსეთში. სხვაგან წასვლა, მაგალითად ამერიკაში ან ევროპაში, სომხებისთვის არც ისე მარტივია. ამასთან, დევნილებს მოგვცეს სპეციალური მოწმობები, რომელთა გარეშე სომხეთიდან სხვა ქვეყანაში ვერ გავალთ. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ უკვე ჩვეულებრივი სომხეთის საზღვარგარეთის პასპორტით ვსარგებლობთ.
აქ დარჩენილებისთვის კი, მთავარი პრობლემა საცხოვრებელია: მაღალი ქირები იმდენად მძიმე ტვირთია, რომ კარგი ხელფასის პირობებშიც კი რთულია ყოველთვიურად გადახდა.
ფინანსური დახმარების შეწყვეტიდან ორ თვეში 5 ათასით გაიზარდა სომხეთიდან ემიგრირებულთა რაოდენობა. დანარჩენები იძულებული ვართ, დავრჩეთ და გადავიხადოთ ეს კოლოსალური თანხები. ეს ძალიან რთულია. რამდენ ხანს შევძლებთ ასე – არ ვიცი.
საცხოვრებლის შეძენის პროგრამა
ვისაც სურს ბინის ყიდვა ან სახლის აშენება, სომხეთის ხელისუფლება 3-დან 5 მილიონ დრამამდე თანხას აძლევს. თანხის ოდენობა ადგილმდებარეობით არის განსაზღვრული. საზღვრისპირა სოფლებში ბევრი არ მიდის – ბევრი რისკია, ინფრასტრუქტურა განუვითარებელია, ბევრგან არ არის ელექტროენერგია და გაზი. სკოლებიც არაა ყველგან, სამუშაო ადგილები ცოტაა.
ჩემი გზა ქალაქიდან ქალაქში
მეც ყველაფერ ამას პირადად ვაწყდები. პირველად, როცა ერევანში ჩამოვედი, ძველმა მეგობარმა სასტუმრო დამიჯავშნა და მითხრა: „პირველი 10 დღე აქ უფასოდ იცხოვრე, გამორთე ტელეფონი და დაისვენე. როგორც კი ძალებს აღიდგენ, მერე უფრო გაიაზრებ, რა უნდა გააკეთო.“
მერე სხვა ერევნელ მეგობართან ორი თვე ვცხოვრობდი. შემდეგ ნათესავებთან – დედაჩემის ორივე და დიდი ხნის წინ გადმოსულია სომხეთში და მასთან ვიყავი. მაგრამ დიდხანს ვერავისთან დარჩები. 5-6 ქალაქი და სოფელი გამოვიცვალე სომხეთში, რაც დევნილი ვარ. ახლა გორისში ვცხოვრობ, სადაც ქირის ფასი შედარებით ხელმისაწვდომია. სხვაგან ცხოვრება ძალიან რთულია – ფსიქოლოგიურადაც.
წარსულის მაგალითები
ნათესავთან ყოფნისას გავიგე, რომ იქვე აშენებული იყო პატარა სახლები აზერბაიჯანიდან (სუმგაითიდან და ბაქოდან) ჩამოსახლებული დევნილებისთვის, რომლებიც დღემდე იქ ცხოვრობენ საშინელ პირობებში. ზუსტადა ესაა კარგი მაგალითი – როგორ აცხოვრებს სომხეთის მთავრობა დევნილებს და რატომ არ უნდა გვქონდეს დიდი იმედი მისგან.
დაბრუნების სურვილი
ხშირად ვეკითხები ყარაბაღელებს, მუშაობის დროსაც კი, თუ გინდათ დაბრუნება. რა თქმა უნდა, ყველას აქვს ეს სურვილი – თუნდაც სახლის გარეშე, კარვებში იცხოვრონ ყარაბაღის მიწაზე. მაგრამ ეს ემოციური საუბარია: აზერბაიჯანის დროშის ქვეშ ვერავინ იცხოვრებს.
სომხური ყარაბაღი უკვე აღარ არსებობს. იქიდან არ მოაშორებს აზერბაიჯანის დროშებს და არ გვეტყვის: „ძვირფასო ყარაბაღელებო, მობრძანდით.“ ალიევმა ბევრჯერ თქვა: „ჩამოდით და იცხოვრეთ, მაგრამ აიღეთ აზერბაიჯანული პასპორტები და ჩვენი კანონებით იცხოვრეთ.“ სომხებს ეს რომ ნდომოდათ, არც არავინ წამოვიდოდა იქიდან თავის დროზე.
ფაშინიანმაც თქვა, რომ დაბრუნება შეუძლებელია. დროთა განმავლობაში სულ უფრო ცხადი ხდება, რომ დაბრუნების შანსები მცირდება.
რა ხდება ახლა იქ
მუდამ ვადევნებ თვალს ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებს. სოცქსელებში იდება კადრები, როგორ აშენებენ დიდი ფულით ქალაქებს. ოფიციალური მედია აჩვენებს ამას. სტეპანაკერტში ტოვებენ ზოგ შენობას, ზოგს ანგრევენ. 5-სართულიანი სახლების ფასადები შეღებეს, მთავარი მოედანი გაარემონტეს, ასფალტს აგებენ.
ამასწინ გავიგე, რომ 2020 წლის შემდეგ სულ 20 ათასი აზერბაიჯანელი დაბრუნდა ამ ტერიტორიებზე.
სომხეთიდან კი ჩანს ლაჩინი – იმ ქალაქიდან სადაც ახლა ვცხოვრობ. აქედან ჩანს, როგორ ანათებს ღამე. ბევრი ხუმრობს კიდეც – თითქოს ლოს-ანჯელესიაო. რეალურად რამდენი ცხოვრობს იქ, არ ვიცი. შენობა, სადაც ჩემი და ცხოვრობდა, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლად გადააკეთეს. უნივერსიტეტსაც რემონტი ჩაუტარდა, ათასობით სტუდენტმა უნდა ისწავლოს. კაფეები და მარკეტები გახსნეს. შორიდან ლამაზად ჩანს, მაგრამ ხალხს კადრებშიც ვერ ვხედავ.
როგორც ამბობდნენ თავიდან, 24 სომეხი დარჩა ყარაბაღის ტერიტორიაზე. ძირითადად, ეს არიან ადამიანები, ფსიქოლოგიური პრობლემებით ან შშმ პირები, რომლებმაც ვერ მოახერხეს ქალაქიდან გასვლა. თავიდან გვაჩვენებდნენ, როგორ შედიოდა წითელი ჯვარი, საკვებს აწვდიდა – ალბათ ეს პროპაგანდა იყო. მერე ესეც აღარ ჩანს. მხოლოდ ერთ მოხუცს აჩვენებენ, რომელიც სეირნობს ქალაქში და ეკითხებიან აზერბაიჯანელები, ხომ არაფერი უჭირს.
საზოგადოებრივი აზრი “მშვიდობაზე”
ეს საკითხი სომხეთშიც კი იწვევს აზრთა სხვადასხვაობას – არა მხოლოდ ჩვენში. ოპოზიციაც ხშირად ამბობს, რომ ეს არაა მშვიდობა, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება და რომ სომხეთი უბრალოდ იმას აკეთებს, რაც ალიევს და ერდოღანს სურთ.
ეს მტკივნეულია – სულ რაღაც 2-3 წლის წინ გვხოცავდნენ და ახლა ერთმანეთს უღიმიან. სომხეთში ბევრ ადამიანს არ სჯერა მშვიდობის.
ე.წ. ზანგეზურის კორიდორის საკითხზეც ძნელია თქმა, რა იქნება.
გორისთან ახლოს არის სოფლები, სადაც აქამდე აზერბაიჯანელები ისროდნენ, ხალხს ეშინოდა, ვაშინგტონის შეხვედრის შემდეგ თითქოს სიმშვიდეა. თუმცა, არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს ეს.