ყარაბაღელი სომხები უფლებების დაცვის მოთხოვნით გაეროს წარმომადგენელს შეხვდნენ

15 ივლისს, გაეროს ს ოფისის ხელმძღვანელმა ფრანსუაზა ჟაკობმა პირობა დადო, რომ კოლეგებს გადასცემდა ყარაბაღელი სომხების მოთხოვნებს მათი უფლებების დაცვისა და სომხური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების შესახებ ყარაბაღში. ამის შესახებ შეხვედრის მონაწილეებმა “კავკაზსკი უზელს” განუცხადეს.
“კავკაზსკი უზელის” ცნობით, 15 ივლისს, ოთხი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა 9 ივლისს გაეროს ოფისის წინ მიმდინარე აქციაში, შეხვდა გაეროს მუდმივ კოორდინატორს ფრანსუაზა ჟაკობს. მედიას ამის შესახებ ერ-ერთმა მონაწილემ, არმინე ავაგიმიანმა განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე, აღინიშნა, რომ ყარაბაღის საკითხი პოლიტიკური და სამართლებრივი დონიდან ჰუმანიტარულ დონეზე ჩამოვიდა და შესაბამისად, ყარაბაღელთა უფლებები დაცული არ არის.
ასევე, მისი თქმით, ჟაკობის ყურადღება მიაპყრეს ფაქტს, რომ აზერბაიჯანი უგულებელყოფს ჰააგის სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრისა და 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებებს.
შეხვედრის მონაწილეების თქმით, ფრანსუაზა ჟაკობმა პირობა დადო, რომ ყველა კომენტარს გაეროს შესაბამის ორგანოებს წარუდგენს.
9 ივლისს, 60-ზე მეტმა ყარაბაღელმა გამართა მიტინგი ერევანის გაეროს ოფისში, სადაც მოუწოდებდნენ განხორციელებულიყო ზეწოლა აზერბაიჯანზე, რომ შენარჩუნდეს სომხური სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა და კერძო საკუთრება ყარაბაღში. მათ ასევე მოითხოვეს შეხვედრა ერევანში გაეროს ოფისის ხელმძღვანელთან ფრანსუაზა ჟაკობთან.
მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა, “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით, 2023 წლის 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. 19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.
2024 წლის პირველი იანვრიდან, 2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამო, არცახის რესპუბლიკამ [თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა] არსებობა შეწყვიტა.