საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში გაასაღა 16 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, რომლებიც მოგვიანებით საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აქტიურად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები და მხილების მიზნით, მიმდინარეობს ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენა.
