ყაზბეგს განაშენიანების რეგულირების გეგმა ამ დრომდე არ აქვს და დოკუმენტზე მუშაობაც შეჩერებულია

ყაზბეგის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ), რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე არ არის მიღებული და დოკუმენტზე მუშაობაც შეჩერებულია. როგორც „კომერსანტს“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, საკრებულოს მიერ კონცეფცია უკვე დამტკიცებულია, თუმცა ამ ეტაპზე დოკუმენტზე მუშაობა შეჩერებულია და როდიდან გაგრძელდება ცნობილი არ არის.
„2019 წელს დავიწყეთ გეგმის შემუშავება. პირველ ეტაპზე კოვიდმა შეგვიშალა ხელი და მაგის გამო გაიწელა.
გერმანიის განვითარების ბანკი აფინანსებს და წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, შპს „გეოგრაფიკი“ ამუშავებდა. საკრებულოს მიერ კონცეფცია უკვე დამტკიცებულია, არის პატარ-პატარა შენიშვნები და საბოლოო დოკუმენტთან დაკავშირებით ალბათ საკითხები გასავლელი იქნება, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს. მუნიციპალიტეტის დაკვეთით რომ ყოფილიყო, უფრო დეტალურად გეტყოდით ყველაფერს, ამ შემთხვევაში ბევრს ვერაფერს გეტყვით.
2022 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჯერ კოვიდი იყო, მერე არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთნენ და გაგვეწელა, ვერ შევჯერდით საბოლოოდ. ერთი სიტყვით, საბოლოო დოკუმენტზე მუშაობა ახლა არ მიმდინარეობს, მაგრამ გაგრძელდება, თუმცა რამდენ ხანში ვერ გეტყვით“ – გვითხრა სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახური ხელმძღვანელმა ჯემალ სუჯაშვილმა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის და მასში შემავალი თემების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის დამუშავება გულისხმობს რეგიონალური და ეროვნული ეკონომიკის სექტორების სხვადასხვა მიდგომებს შორის საერთო და მდგრადი წონასწორობის პოვნის საჭიროებას, მუნიციპალური, თემური და სოფლის სივრცეების რაციონალურ დაგეგმვას და გამოყენებას, ტერიტორიების მდგრადი განვითარების მიზნით. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტებისა და ეთნო-კულტურის შენარჩუნებას, მუნიციპალიტეტის სამომავლო მდგრად და ჰარმონიულ ეკონომიკურ განვითარებას მუნიციპალიტეტში მატერიალური დოვლათის შექმნის გზით და ამ კუთხით, მსოფლიოში ცნობადობის მოპოვებას“.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმის არარსებობა არ ადარდებთ პარლამენტის წევრებს. ყაზბეგის არსებობა ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილს მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდა, რაც -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის განხორციელება გადაწყვიტა. ჟურნალისტის ნათქვამზე, რომ სანქციების შემთხვევაში „სელფებს” ამერიკაში ვეღარ გადაიღებდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ასე უპასუხა: „ყაზბეგში გადავიღებ”.