ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი უარყოფს, რომ მარტია პაპიაშვილს, რომელიც კამარა ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ავსაჯანიშვილმა პოსტი Facebook-ზე გაავრცელა.
“მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ, ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს, კერძო კომპანიებს ვლობირებ და თანამშრომლებს ვაიძულებ, რომ კონკრეტული პროექტების განხორციელებას მხარი დაუჭირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით, მოქალაქეებს კი – სოციალური დახმარების მიღების შეწყვეტით ვემუქრები. ამ ბრალდებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.
სამწუხაროდ, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების წევრები საკითხის თაობაზე, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და ამ მიზნით, არც პროვოკაციულ ქმედებებზე იხევენ უკან. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკრძალვაზე ხელით შევეხე მოქალაქეს, არის ტყუილი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქმიანობისა და სახელის შელახვას ისახავს მიზნად.
აქედან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ მხარეს მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”. – წერს ყაზბეგის მერი.
ახალგაზრდული კოალიცია ხევის თვითმმართველობისთვის ცნობით, 21 ნოემბერს, სოფელ არშაში ყაზბეგის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა მარტია პაპიაშვილს, რომელიც კამარა ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევა პაპიაშვილის Facebook სტატუსს უკავშირდება, სადაც ის წერს – “ვინც ხევის მიწა-წყლის დაყიდვას არ ეთანხმება და კამარა ჰესის პროექტს მხარს არ უჭერს, სამსახურებიდან გაშვებით ემუქრებიან, ეს უტვინოები”.
“ბაკურ ავსაჯანიშვილმა ახალგაზრდა ადამიანის დაკრძალვაზე სოფელ არშაში მისულ მოხევე კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იმის გამო, რომ ეს ადამიანი ღიად ეწინააღმდეგება კამარა ჰესს და ეს დამოკიდებულება სოციალურ ქსელში საჯაროდ დააფიქსირა. დიახ, ხალხის მიერ არჩეულმა მერმა მიცვალებულის დაკრძალვაზე, ხალხის თვალწინ ჯერ საქმის გარჩევა მოინდომა (Facebook-ზე კამარა ჰესის წინააღმდეგ დაწერილი პოსტის გამო), ხოლო შემდეგ ეს სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა.
ბოლო დროს ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყაზბეგის მერი აქტიურად ლობირებს კამარა ჰესის პროექტს და მისი დავალებით ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი საჯარო მოხელეებიც. აქამდე ჩვენი საინიციატივო ჯგუფი თავს იკავებდა კონკრეტული პირების დასახელებისგან, მაგრამ ის რაც დღეს მოხდა, ყოველგვარ ზღვარს სცდება და თანამდებობის პირის უღირსობასთან ერთად, მთელი ხევის შეურაცხყოფაცაა. ამასთან, დავრწმუნდით, რომ სიმართლეა ის ისტორიები, რომელსაც ადგილობრივები აქამდე პირად საუბარში ყვებოდნენ, თუ როგორ აიძულებს მერი კამარა ჰესის მხარდაჭერას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური დახმარების შეწყვეტით ემუქრება ” – წერს ახალგაზრდული კოალიცია ხევის თვითმმართველობისთვის.
ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, დაწყებულია თუ არა გამოძიება და უწყებისგან პასუხს ელოდება.