თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებული გურამ ელიზბარაშვილის მამა – თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ინციდენტის შესახებ საუბრობს. დაპირისპირება ძაღლის გასეირნების გამო დაიწყო. შემთხვევა საბავშვო ბაღის მიმდებარედ მოხდა. დაჭრილია ინციდენტის ორივე მონაწილე.
“იმდენად აგრესიული იყო ეს ყაზახი ეროვნების პიროვნება ძაღლის მიმართ, იმდენად კატეგორიული იყო გაიყვანე, არ მსიამოვნებს ძაღლი აქ რომ დადისო, აი ეს, ორი კილოც არ არის, ორ კილოსაც არ იწონის “პიპო”, ფეხი მოუქნია ძაღლს, დაიწყო გინება, ამას შემდეგ მოჰყვა შეხლა-შემოხლა, ჩხუბი და მივიღეთ ის შედეგი რაც მივიღეთ, ჩემი შვილი დაჭრილია, დაჭრილია ის ყაზახი, “პიპო” კიდევ შეშინებულია. […] თუ ჩემი შვილი დამნაშავეა, რა თქმა უნდა, აგებს პასუხს, მაგრამ მე ბევრი ეჭვი მაქვს, როგორ მოხდა ის, რომ ჩემი შვილი დაჭრილია, ის კადრები, რომელიც გადაიღო სათვალთვალო კამერამ, მოვითხოვ ამ კადრების გასაჯაროებას და ბუნებრივია მაქსიმალურად ვიქნები ამ საქმეში და დავიცავ ჩემი შვილის უფლებებს”, – ამბობს ელიზბარაშვილი.
მისივე თქმით, გუშინ დაჭრილ გურამ ელიზბარაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა და დღეს მას, სავარაუდოდ, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.