წელს ყაზახეთში სარეკორდოდ ბევრი, 700-მდე საქმე აღძრეს ქვეყნის იმ მოქალაქეთა წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში წავიდნენ, რუსეთის მხარეს საომრად – იუწყება “მედიაზონა” პროექტ “მშვიდობით, იარაღოსთან” ერთობლივი დათვლის შედეგების საფუძველზე.
სასამართლოებს იდენტური განაჩენები გამოაქვთ როგორც გასამხედროებული ჯგუფის, “ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლებისთვის, ისე იმ პირებისთვის, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმეს კონტრაქტები. ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ყველა მათგანმა “განახორციელა დანაშაულებრივი განზრახვა” ომში მონაწილეობით – ნათქვამია პუბლიკაციაში.
ამ დრომდე ამგვარი საქმეების რიცხვი ყაზახეთში წელიწადში რამდენიმე ათეული იყო, მაგრამ 2025 წლის დასაწყისიდან – მას მერე, რაც უკრაინის ერთ-ერთმა პროექტმა სავარაუდო დაქირავებული მებრძოლების პირადი მონაცემები გამოაქვეყნა – ვითარება შეიცვალა, წერს “მედიაზონა”.
ამ გამოცემის და ბიბისის რუსული რედაქტიის დათვლით, საერთო ჯამში უკრაინაში მიმდინარე ომში დაიღუპა 200-მდე პირი, რომელიც ყაზახეთის მოქალაქე იყო, ან წარმოშობით იყო ამ ქვეყნიდან.
ჟურნალისტთა ვარაუდით, რუსეთის არმიაში ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მცხოვრებთა გადაბირება – კერძოდ, დაბალი ენობრივი ბარიერის და მეზობელ ქვეყნებში რუსების დიდი რაოდენობის გამო, ასევე რუსეთში მიგრანტთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით.
ოფიციალურად, ყაზახეთი ნეიტრალურ პოზიციაზეა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან მიმართებით. პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი ქვეყნებს მოლაპარაკების გამართვისკენ მოუწოდებს და მზადყოფნას გამოთქვამს იკისროს შუამავლის ფუნქცია – წერს “ნასტოიაშჩეე ვრემია”.
2022 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებისთვისაც უშვებს არმიაში გაწვევით სამსახურს. მანამდე გაწვევით სამსახური ნებადართული მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის იყო, უცხოელებს არმიაში ყოფნა მხოლოდ კონტრაქტის საფუძველზე შეეძლოთ.
2023 წლის გაზაფხულზე პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭების ბრძანებას უცხოეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ომის პერიოდში კონტრაქტებს გააფორმებენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე.
ფორუმი




