რუსეთის სახელმწიფო ატომური კორპორაცია „როსატომი“ ყაზახეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად საერთაშორისო კონსორციუმის ხელმძღვანელად შეირჩა. როგორც Reuters წერს, ამის შესახებ შაბათს, ცენტრალური აზიის ქვეყნის ატომური ენერგიის სააგენტომ განაცხადა.
„როსატომი“ გლობალური მასშტაბის მთავარი პრეტენდენტებიდან შეირჩა. სხვა წინადადებები წარდგენილი იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის, ასევე ფრანგული და სამხრეთ კორეული კომპანიებისგან.
ყაზახეთის ატომური ენერგიის სააგენტომ, რომელიც ამ წლის მარტში შეიქმნა, განაცხადა, რომ განიხილა რეაქტორის ტექნოლოგიების სხვადასხვა წინადადება და შეაფასა ისინი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების, პერსონალის მომზადებისა და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე.
სააგენტომ „დაადგინა, რომ ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ყველაზე ოპტიმალური და ხელსაყრელი წინადადებები რუსული კომპანია „როსატომისგან“ იყო მიღებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ მივესალმებით ყაზახეთის გადაწყვეტილებას ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის დაწყების შესახებ“, – განაცხადა „როსატომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი ლიხაჩოვმა შაბათს კომპანიის Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
არაა ცნობილი, კიდევ რომელი კომპანიები მიიღებდნენ მონაწილეობას „როსატომის“ ხელმძღვანელობით კონსორციუმში, არც „როსატომის“ წინადადების ღირებულება და ვადები.
ლიხაჩევის თქმით, ელექტროსადგური გამოიყენებს VVER-1200 3+ თაობის რეაქტორებს, ტექნოლოგიას, რომელიც შემუშავებულია რუსეთში და გამოიყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ორრეაქტორიანი ელექტროსადგური აშენდება სოფელ ულკენში, ალმატიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 400 კმ-ში. ყაზახეთი 2035 წლისთვის 2.4 გიგავატი ბირთვული სიმძლავრის ფლობას გეგმავს.
bm.ge
