ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკური კაბელის გაყვანა 2026 წლის ბოლომდე იგეგმება, – ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, ციფრული განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მინისტრმა, ჟასლან მადიევმა განაცხადა.
„ტრანზიტის პოტენციალის გაზრდის მიზნით, კასპიის ზღვის ფსკერზე აზერბაიჯანის რესპუბლიკამდე ოპტიკური კაბელის მშენებლობა დაიწყო. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში იგეგმება“, – აღნიშნა მადიევმა.
ინფორმაციის თანახმად, კასპიის ზღვაში საზღვაო გეოლოგიური და საინჟინრო კვლევითი სამუშაოები 2025 წლის აგვისტოში დაიწყო.
გასაყვანი კაბელის საერთო სიგრძე 391 კილომეტრი იქნება. პროექტის ფარგლებში შექმნილი ხაზის მაქსიმალური გამტარუნარიანობა წამში 400 ტერაბიტი იქნება. ეს ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „შუა დერეფნის“ გასწვრივ ციფრული კავშირების გაძლიერებაში.
1tv.ge




