ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 17 თებერვალს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა, კასპიის მილსადენის კონსორციუმის CPC ნავთობის სატუმბი სადგური, რამაც, სპეციალისტების ვარაუდით, შესაძლოა ყაზახეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება 30% – ით შეამციროს, ხოლო სადგურის შეკეთებას 2 თვე დასჭირდება.
„2022 წელს უკრაინასთან საომარი მოქმედებების შედეგად, რუსეთზე გამავალი მილსადენი, სხვადასხვა მიზეზების გამო, სამჯერ იქნა გაჩერებული, ერთ – ერთი მიზეზი ზღვაში მცურავი ნაღმები იყო, რის გამოც ყაზახეთი ყოველდღიურად 43 მლნ დოლარით ზარალობდა. ფაქტიურად დარღვეული იყო ნავთობის უსაფრთხოდ ტრანსპორტირების პირობები.
თენგიზ – ნოვოროსიისკის 1511 კმ CPC მილსადენის სისტემით, ყაზახეთი ახორციელებს მსოფლიო ბაზრებზე, ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას.
2024 წელს CPC მილსადენით 63.0 მლნ ტონა ნავთობი იქნა გატარებული, რომელიც 584 ნავთობის ტანკერში იქნა გადატვირთული. 63.0 მლნ ტონიდან 55.0 მლნ ტონა 87% ყაზახური წარმოშობისაა. 2022 წელს მილსადენის სიტემით 64.3 მლნ ტონა, ხოლო 2023 წელს 63.5 მლნ ტონაა გატარებული.
2024 წელს CPC ს მილსადენით ყველაზე დიდი მოცულობის ნავთობი გატარებული იყო თენგიზის საბადოდან 27 მლნ ტონა, კარაჩაგანაკის საბადოდან – 10 მლნ ტონა და კაშაგანის საბადოდან 17.2 მლნ ტონა (იხ სქემა).
ნავთობის ტრანსპორტირების მიმართულებით, წარმოქმნილმა პრობლემებმა ბიძგი მისცა ყაზახეთის პრეზიდენტს, ოფიციალურად დაეანონსებინა ნავთობის გადაზიდვების, მარშრუტების დივერსიფიცირების აუცილებლობის შესახებ.
ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით მიღებულია გადაწყვეტილება – ყაზახეთისნავთობის ექსპორტიდან 20 მლნ ტონის, კასპიის ზღვაზე, აქტაუს და კურიკისნავსადგურებით ეტაპობრივად გადმორთვის შესახებ.
ყაზახური ნავთობის 20 მლნ ტონის გადმორთვა განხორციელდება ეტაპობრივად 2025 – 2030 წლებში. 5 მლნ ტონა რკინიგზით გადაიზიდება ბაქო – ბათუმის მიმართულებით, 5 მლნ ტონა – ბაქო – სუფსის მილსადენით, 5 მლნ ტონა – ბაქო – თბილისი – ჯეიხანის მილსადენით, დარჩენილი – 5 მლნ ტონა – ირანის ნავსადგურების მიმართულებით SWOP სისტემის გამოყენებით.
რუსეთზე გამავალი CPC მილსადენი ნავთობის გადაზიდვის ლოგისტიკით და საფასო მდგენელით უალტერნატივოა, მილსადენის დაუბრკოლებლივი ფუნქციონირებით ფინანსურად დაინტერესებულია არამარტო ყაზახეთი ასევე კონსორციუმში ჩართული სხვა უცხოელი მოთამაშეებიც. რაც ართულებს ნავთობნაკადის გადმორთვის შესაძლებლობას. 2022 წელს ყაზახეთმა დივიდენტის სახით – 830 მლნ დოლარი მიიღო.
მიუხედავად ამისა, ყაზახეთის მიერ უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილება ნავთობის ეტაპობრივად დივერსიფიცირების შესახებ, უდაოდ აძლევს საქართველოს დამატებითი ნავთობნაკადის მოზიდვის და სანავთობო ინფრასტრუქტურისდატვირთვის შესაძლებლობას.
2023 წელს გადაიდგა პირველი ნაბიჯი, როდესაც აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა აქტაუ – ბაქოს მიმართულებით 3 მლნ ტონა ყაზახური ნავთობისგადაზიდვის ხელშეკრულებას, საიდანაც 1.5 მლნ ტონა ბაქო – თბილისი – ჯეიხანის მილსადენით, 1.5 მლნ ტონა – რკინიგზით, ბათუმის ნავსადგურის გამოყენებით გადაიზიდება.
მიუხედავად ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული დაპირებისა გასაანალიზირებელია საქართველოს მიმართულებით ნავთობის გადმორთვის სირთულები.
ძირითადი პრობლემა ტრანსპორტირების ღირებულებაა. გადაზიდვის ტარიფები და ლოგისტიკა – CPC მილსადენით თენგიზის საბადოდან ნოვოროსიისკის ნაავსადგურამდე ნავთობის მიწოდების ღირებულება ტონაზე – 38 დოლარია, შედარებისათვის, ბაქო – თბილისი – ჯეიხანის მილსადენით (ჯეიხანამდე) – ტონაზე 90 დოლარია, საქართველოს და აზერბაიჯანის რკინიგზების გამოყენებით, ბათუმამდე – ტონაზე 92 დოლარია, რაც (2.4 ჯერ ძვირია). ბუნებრივია ტარიფებით, საგრძნობი მიმზიდველობა რუსეთზე გამავალ მილსადენს გააჩნია.
მეორე დაბრკოლება, კონსორციუმში შემავალი კომპანიების სიმრავლე და არაერთგვაროვნებაა, რომლებასაც საკუთარი ინტერესები გააჩნიათ.
CPC აქციონერები არიან – Chevron (აშშ) – 15 %, LukArco (რუსეთი) – 12,5 %, Rosneft – Shell (რუსეთი – ჰოლანდია) – 7,5 %, Mobil (აშშ) – 7,5 %, Agip (იტალია) – 2 %, British Gas (დიდი ბრიტანეთი) – 2 %, Kazakhstan pipeline (ყაზახეთი – აშშ) – 1,75 %. სახელმწიფოთა კონტროლის ქვეშ აქციები გააჩნიათ – რუსეთს – 24 %, ყაზახეთს – 19 %, ომანს – 7 %.
ტრანსკასპიური მიმართულებით 20 მლნ ტონა ნავთობის გადმორთვა, ინფრასტრუქტურულ და ლოგისტიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგანაც, ნავთობის მოპოვების – თენგიზის და ატირაუს საბადოებიდან, ნავთობი რკინიგზით უნდა მიეწოდოს აქტაუს ნავსადგურის რეზერვუარებს, ჩაიტვირთოს რეზერვუარებში, შემდგომ რეზერვუარიდან მიეწოდოს ნავმისადგომს და გადაიტვირთოს ტანკერებში, გადაიზიდოს კასპიის ზღვაზე, ბაქოშიც ანალოგიურად გადმოიტვირთოს ტანკერებიდან რეზერვუარებში და რეზერვუარებიდან შემდგომ, ან რკინიგზით ბათუმის მიმართულებით ან ბაქო თბილისი ჯეიხანის მილსადენში. ორივე შემთხვევაში ლოგისტიკური ჯაჭვი სირთულით ხასიათდება.
ნავთობის მოპოვების საბადოდან ესკენე – კურიკის მილსადენის აშენების პირობებში ლოგისიკური ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება, (იხ სქემა) სწორედ ამ თვალსაზრისით აღნიშნული პროექტი განიხილება პერსპექტიულად.
დასკვნის სახით – უსაფრთხოების, ლოგისტიკური და საფასო პირობების გათვალისწინებით, რადგანაც ცენტრალური აზიიდან მსოფლიო ბაზრებზე ნავთობნაკადის ექსპორტის 70 – 80 % აპრობირებული რუსეთის „იაფი“ სამილსადენო და სარკინიგზო ქსელით ხორციელდება, ტრანსკასპიური დერეფნით ნავთობნაკადის ნაწილის ეტაპობრივი გადმორთვა, მხოლოდ გრძელვადიან (8 – 10 წელი) ჭრილშია შესაძლებელი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
