აზერბაიჯანი სახელმწიფო მედია Trend-ი წერს, რომ ყაზახეთი ნავთობისთვის ახალ საექსპორტო გზებს ეძებს და ფსონს საქართველოზე გამავალ ბაქო-სუფსის მილსადენზე დებს. გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ყაზახეთი და აზერბაიჯანი ენერგეტიკულ პარტნიორობას აძლიერებენ, რადგან ყაზახეთს საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირება სჭირდება.
ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ერლან აკენჟენოვმა სააგენტოსთან ინტერვიუში თქვა, რომ ბაქო-სუფსის მილსადენი ყველაზე პერსპექტიული ვარიანტი ყაზახური ნავთობის შავი ზღვის პორტებში გადასატანად.
“პირველი ექვსი თვის განმავლობაში, არსებულ მარშრუტით, დაახლოებით 750 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა, შარშან მთელი წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი 1.5 მლნ ტონა იყო”, – განაცხადა მინისტრმა და დაამატა, რომ არსებული მოცულობის შენარჩუნებას აპირებენ, თუმცა ეკონომიკურად ხელსაყრელი ვითარების პირობებში, შესაძლოა მოცულობა გაზარდონ კიდეც. ამისთვის SOCAR-თან ბაქო-სუფსის მილსადენის შესაძლებლობას განიხილავენ.
უკვე რამდენიმე წელია ყაზახეთი ბაქო-სუფსის მილსადენით განიხილავს საკუთარი ნავთობის ტრანსპორტირებას. როგორც ირკვევა, აზერბაიჯანმა ყაზახეთს ნავთობის გადაზიდვებისთვის ბაქო-სუფსის მილსადენი, რომლის წლიური გამტარუნარიანობა 6 მლნ ტონამდეა, ჯერ კიდევ 2022 წელს შესთავაზა. ყაზახეთი საკუთარი ნავთობის ტრანზიტისთვის საქართველოზე გამავალ კიდევ ერთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს [BTC] უკვე იყენებს.
დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი (WREP), ცნობილი როგორც ბაქო-სუფსა, საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია. მილსადენის საშუალებით აზერბაიჯანში კასპიის ზღვის ჩირაგის საბადოდან მოპოვებული ნავთობი დასავლეთ საქართველოში სუფსის ტერმინალამდე მიდის. 1999 წელს გახსნილი მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, აქედან 375 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მილსადენით ნავთობის გადაზიდვა ფაქტობრივად გაჩერებულია.
bm.ge
