„ყავის ლაბორატორიის“ შემოსავლები 13% აჭარბებს Coffeesta-ს და 58%-ით Coffeeshop-ის მაჩვენებლებს

ქსელური coffee shop-ების ფინანსური მაჩვენებლები Finspot-მა მიმოიხილა. შპს „ყავის ლაბორატორია“ (Coffee LAB • ყავის ლაბორატორია), შპს „კოფისტა“ (Coffeesta) და შპს „ქოფიშოპ ჯორჯია“ (Coffeeshop Company Georgia • ქოფიშოფ კომპანი საქართველო) მიზიდულობის ცენტრს ყავის მრავალფეროვანი არჩევანით ქმნიან, თუმცა მომხმარებელს რესტორნის ტიპის მომსახურებასაც სთავაზობენ სხვადასხვა სასმელების თუ კერძების შეთავაზებით.
„ყავის ლაბორატორია“ და Coffeesta ადგილობრივი ბრენდებია, Coffeeshop Company Georgia კი ავსტრიული ყავის რესტორნების ქსელის ფრენჩაიზს წარმოადგენს.
„ყავის ლაბორატორია“-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს specialty ყავის იმპორტი, მისი მოხალვა და შემდგომ რეალიზაცია საკუთარი coffee shop-ების მეშვეობით. კომპანია ასევე ახდენს ყავისა და იმპორტირებული ყავის ტექნიკის რეალიზაციას იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე.
Coffeesta კონკურენტებს შორის ყველაზე დიდი გეორგაფიული დაფარვის მქონე ქსელია, რომელიც 2015 წელს გამოჩდნა ბაზარზე. „კოფისტასთვის“ პრიორიტეტულია ფილიალების ზრდა, რაზედაც მეტყველებს კომპანიის მიერ ფრენჩაიზინგის სისტემის შექმნა. უმსხვილესი კონკურენტისგან განსხვავებით, ის შედარებით დაბალ საფასო კატეგორიაზე ფოკუსირდება.
Coffeeshop Company Georgia ამჟამად მხოლოდ ორი ფილიალით ოპერირებს და უფრო მსხვილი მასშტაბის ობიექტები აქვს. ის ფრანჩიზის ფარგლებში, ყავისა და სხვა ცალკეული პროდუქციის იმპორტს ავსტრიიდან ახორციელებს. 2022 წლის დეკემბრამდე კომპანია მხოლოდ ერთი ფილიალით ოპერირებდა, შესაბამისად ქვემოთ მოცემული ფინანსური მონაცემები კომპანიის მხოლოდ ერთი ფილიალს მოიცავს. ამით აიხსნება „ქოფიშოფ კომპანის“ მცირე წლიური ბრუნვა კონკურენტებთან შედარებით, რომლებიც რამდენიმე ფილიალით ოპერირებდნენ ბაზარზე 2022 წლის განმავლობაში.
„ყავის ლაბორატორიის“ არაპირდაპირ კონკურენტად შეიძლება განვიხილოთ თბილისში არსებული საერთო სამუშაო სივრცეებიც. ჩემი დაკვირვებით, სტუმრების დაახლოებით ნახევარი სამუშაო სივრცედ იყენებს „ყავის ლაბორატორიის“ ფილიალებს. საინტერესოა, რომ წლიური ბრუნვითა და ზრდის ტემპით, „ყავის ლაბორატორია“ უსწრებს საქართველოს წამყვან სამუშაო სივრცეს „ტერმინალს“, რომელიც 7 ფილიალითაა წარმოდგენილი.
ლიკვიდურობის, ლევერიჯის და ისტორიული მომგებიანობის კუთხით, ყველაზე გამართული კომპანია „ყავის ლაბორატორიაა“, რომელმაც 2019-2022 წლები მოგებით დახურა. შედარებისთვის, „კოფისტა“ და „ქოფიშოფ კომპანი“ რამდენიმე წლის განმავლობაში ზარალზე მუშაობდნენ და დაგროვილმა ზარალმა ₾0.9 მილიონი და ₾1.1 მილიონი შეადგინა, შესაბამისად“, – ნათქვამია Finspot-ის ანგარიშში.
მიმოხილვის მიხედვით, 2022 წელს „ყავის ლაბორატორიის“ შემოსავლებმა ₾6.4 მილიონი შეადგინა, რაც 13%-ით აღემატება მეორე უმსხვილესი ქსელური coffee shop-ის, Coffeesta-ს შემოსავლებს. აღსანიშნავია, რომ „ყავის ლაბორატორიამ“ უფრო მაღალი ბრუნვის მიღწევა მოახერხა ორჯერ ნაკლები ფილიალით. Coffeeshop Company Georgia-ს შემოსავლებმა კი ₾2.7 მილიონი შეადგინა მხოლოდ ერთი ფილიალით (მეორე ფილიალი 2022 წლის დეკემბერში გაიხსნა).
„ბოლო სამი წლის განმავლობაში „ყავის ლაბორატორია“ შემოსავლების ზრდის კუთხით მნიშვნელოვნად უსწრებს კონკურენტებს. 2019-2022 წლებში კომპანია საშუალოდ წლიურად 54%-ით იზრდებოდა, რაც ძირითადად ფილიალების გაფართოებით და საერთო მოგების მარჟების (gross profit margin) ზრდით აიხსნება. შედარებისთვის, „კოფისტა“ ამავე პერიოდში საშუალოდ წლიურად 32%-ით იზრდებოდა, „ქოფიშოფ კომპანი“ კი მხოლოდ 12%-ით.
„კოფისტას“ და „ქოფიშოფ კომპანის“ საერთო მოგების მარჟები 44%-ია, „ყავის ლაბორატორიის“ კი 63%-ი. საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში „კოფისტას“ და „ქოფიშოფ კომპანის“ შემთხვევაში 41%-42%-ის ფარგლებში მერყეობს. იგივე მაჩვენებელი „ყავის ლაბორატორიის“ შემთხვევაში 59%-ია. კომპანიების საოპერაციო ხარჯების ძირითადი წილი მოდის ადმინისტრაციულ ხელფასებსა და იჯარაზე.
კომპანიების საოპერაციო მოგების მარჟები 1%-4%-მდე მერყეობს. რაც შეეხება წმინდა მოგების მარჟას, „ყავის ლაბორატორიას“ და „კოფისტას“ მაჩვენებლები 2%-მდეა, „ქოფიშოფ კომპანის“ კი 8%-ი, რაც კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული მოგებით არის გამოწვეული.
„ქოფიშოფ კომპანი“ კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალლევერიჯიანია. კომპანიის მიერ აღებული სესხი 12%-ით აღემატება მთლიან აქტივებს და ₾700 ათასამდე დაგროვილი გადასახდელი პროცენტი აქვს 2022 წლის ბოლო მდგომარეობით. თუმცა, სესხი მფლობელებისგან აქვს მიღებული, რომელიც არაუზრუნველყოფილია და განუსაზღვრელი დაფარვის ვადა აქვს, რაც კომპანიას ოპერირების გაგრძელების საშუალებას აძლევს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
Coffee LAB-ის 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი აივაზიანია. Coffeesta-ს მფლობელები: ნანა ნაჭყებია (40%), მიხეილ ფარულავა (30%) და დიმიტრი ჯალაღონია (30%) არიან. Coffeeshop Company Georgia-ს მფლობელებია: სტიოპა წარუკიან (სომხეთი): 33.33%, არმან გევორგიანი (სომხეთი): 33.33%, ონიკ მარტიროსიან (): 33.33%.